ლიეტუვაში უცხოელებს სიცრუის დეტექტორზე შემოწმება ჩაუტარდებათ – თავდაცვის სამინისტრო

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება იმ ადამიანების სიის გაზრდა, რომლებსაც ხელისუფლება სიცრუის დეტექტორზე (პოლიგრაფზე) შეამოწმებს. მათ შორის იქნებიან ბიზნესის წარმომადგენლები, დაზვერვასთან თანამშრომლობის მსურველი პირები და უცხოელები, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევიან.
ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროში სააგენტო „ბიზნეს სერვის ნიუსს“ (BNS) განუცხადა, რომ შესაბამისი ცვლილებები სპეცსამსახურების მიერ არის ინიცირებული.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, ამ ნაბიჯის მიზანია სიცრუის დეტექტორზე კერძო კომპანიების თანამშრომლების შემოწმება მანამდე, ვიდრე ისინი საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომას მიიღებენ.
„ამ პირების საქმიანობა საიდუმლო ინფორმაციის გამოყენებასთან, დაცვასთან და ხელმისაწვდომობასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ისინი უნდა დაექვემდებარონ იგივე მოთხოვნებს, რომელსაც საჯარო მოხელეები, სამხედრო მოსამსახურეები, თანამდებობის პირები ან ზოგიერთი სამსახურის თანამშრომლები ექვემდებარებიან“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ინიციატივა ასევე ითვალისწინებს სიცრუის დეტექტორზე იმ პირების შემოწმებას, ვისაც დაზვერვის სამსახურში საიდუმლო აგენტის თანამდებობის დაკავება სურს. სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ეს იმისთვის გაკეთდება, რომ სპეცსამსახურში მხოლოდ ლიეტუვისთვის სანდო და ლოიალური ადამიანები მიიღონ.
„ამჟამად სიცრუის დეტექტორზე სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტების შემოწმება შეიძლება, მაგრამ ამ სამსახურში მუშაობის მსურველთა შემოწმებას კანონი არ ითვალისწინებს“, – აღნიშნეს სამინისტროში.
სიცრუის დეტექტორზე ტესტირება ასევე გავრცელდება უცხოელებზე, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ლიეტუვას „ეროვნულ უსაფრთხოებას“.
ლიეტუვას მთავარი სადაზვერვო სამსახური – სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი არის დაწესებულება, რომელიც იმ უცხოელებს ამოწმებს, ვისაც ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის მიღება სურს.
წყარო: 1tv.ge