ლიეტუვაში უკრაინელი დევნილებისთვის განკუთვნილი 1 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის ევროკავშირის დახმარება არაუკრაინელებს გადაეცათ

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 1 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის დაფინანსება, რომელიც ლიეტუვაში მცხოვრები უკრაინელი დევნილების მხარდასაჭერად იყო განკუთვნილი, შეცდომით სხვა ქვეყნების, მათ შორის სა და ბელარუსის მოქალაქეებზე გადანაწილდა, რასაც მთავრობის მხრიდან შემოწმება და პროექტის ზედამხედველი სააგენტოს ხელმძღვანელობის შეცვლა მოჰყვა.
ლიეტუვას სოციალური უზრუნველყოფისა და შრომის სამინისტრომ შიდა გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოვლინდა, რომ უკრაინელებისთვის გამოყოფილი ევროკავშირის დახმარება ლიეტუვაში ბინადრობის უფლების მქონე სხვა ქვეყნების (სულ – 42) მოქალაქეებმაც მიიღეს, რომელთა შორის იყვნენ უზბეკები, ყაზახები და ტაჯიკები.
ევროპული სოციალური ფონდის სააგენტომ (ESFA), რომელიც პროექტს ახორციელებდა, 13 მაისს ორგანიზაციის დირექტორის, ლინა ნევინსკიენეს თანამდებობიდან წასვლა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აუდრონე ალიშაუსკიენეს დანიშვნა დაადასტურა. თუმცა, სააგენტო ამტკიცებს, რომ იმ დროისთვის არსებული წესების თანახმად, დახმარება კანონიერად შეიძლებოდა გავრცელებულიყო არა მხოლოდ უკრაინელებზე, არამედ სოციალურად დაუცველ სხვა ჯგუფებზეც.
2022-დან 2023 წლამდე ევროკავშირმა თითქმის 17 მილიონი ევრო გამოყო პროექტისთვის „ომის გამო უკრაინიდან დევნილების მხარდაჭერა“. დახმარება მოიცავდა საკვებ პროდუქტებს, ჰიგიენურ ნივთებს, მედიკამენტებს, იურიდიულ მომსახურებას, ლიეტუვური ენის გაკვეთილებს და დასაქმების სუბსიდირებას.
თუმცა, ლიეტუვას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ დახმარების მიმღები 813 პირი უკრაინის მოქალაქე არ იყო და, შესაბამისად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დახმარების მიღების უფლება არ ჰქონდა. მიმღებთა შორის იყვნენ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებიც – ამ ინფორმაციამ ლიეტუვის სამთავრობო წრეებში აღშფოთება გამოიწვია.
„ჩვენ ვატარებთ შიდა აუდიტს, რათა დავადგინოთ, რატომ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა სოციალური უზრუნველყოფისა და შრომის ვიცე-მინისტრმა, რიტა გრიგალიენემ ლიეტუვას რადიომაუწყებელთან (LRT RADIO) ინტერვიუში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ევროკავშირის ინვესტიციების აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რასა ვირგანავიჩიენემ აღნიშნა: „შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დახმარების მიმღები 813 პირი უკრაინის ომის გამო დევნილების სამიზნე ჯგუფს არ მიეკუთვნებოდა. მათ შორის იყვნენ რუსეთის მოქალაქეებიც. ამიტომ, მივიჩნიეთ, რომ ეს ხარჯები ევროკომისიის მიერ არ უნდა დაფინანსებულიყო “.
ლიეტუვას სეიმის აუდიტის კომიტეტს დასკვნების შესახებ გასულ კვირას ეცნობა. ასევე აღსანიშნავია, რომ გენერალური აუდიტორის ოფისმა არასწორად გამოყოფილი თანხების დაბრუნება მოითხოვა.
ევროპული სოციალური ფონდის სააგენტო (ESFA) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დასახელებულ ციფრებს ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ დაუმსახურებელი დახმარება მხოლოდ 484 ადამიანს გაეწია. სააგენტო ამტკიცებს, რომ იმ დროისთვის არსებული წესები ნებისმიერი სოციალურად დაუცველი პირისთვის, ეროვნების და იმის მიუხედავად, ჰქონდათ თუ არა მათ ლიეტუვაში ცხოვრების კანონიერი უფლება, გარკვეულ აქტივობებში (მაგალითად, ენის შესწავლის კურსები და დასაქმების სუბსიდირება) მონაწილეობის შესაძლებლობას იძლეოდა.
მიუხედავად ამისა, სამინისტრომ დაადასტურა, რომ პროექტის განმახორციელებელს, ლიეტუვის დასაქმების სამსახურს, განსაზღვრულ ვადებში თანხების დაბრუნებას მოეთხოვება.
„ეს სიტუაცია მემკვიდრეობით წინა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მივიღეთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს აღარ განმეორდეს“, – გაანცხადა რიტა გრიგალიენემ.
წყარო: 1არხი