ლიეტუვაში სეიმის საშემოდგომო სესიაზე ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის აღიარებაზე იმსჯელებენ

სამშაბათს, 17 სექტემბერს, ლიეტუველმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში „სამოქალაქო პარტნიორობის“ შესახებ კანონპროექტის დატოვებას, რომელიც ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის აღიარებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის დღის წესრიგში დატოვებას მხარი 48 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო პარლამენტართა იგივე რაოდენობა (48), შვიდმა კი თავი შეიკავა. მიმდინარე წლის მარტში სეიმმა კანონპროექტი საგაზაფხულო დღის წესრიგიდან იმიტომ ამოიღო, რომ მაშინ ამ ნაბიჯს მაშინ მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, 44 წინააღმდეგი იყო, 10-მა კი თავი შეიკავა.
ერთი წლით ადრე, 2023 წლის გაზაფხულზე ლიეტუვას პარლამენტმა „სამოქალაქო პარტნიორობის“ შესახებ კანონპროექტი ხმათა მცირე უმრავლესობით მოიწონა. თუმცა, კანონპროექტის საბოლოოდ მისაღებად, სეიმში კიდევ ერთი კენჭისყრის ჩატარება იყო საჭირო.
ლიეტუვაში ერთნაირსქესიანი წყვილების პარტნიორობა ამჟამად ლეგალური არ არის. მისი ლეგალიზების წინა მცდელობები პარლამენტში წარუმატებელი აღმოჩნდა.
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ერთნაირსქესიან პარტნიორებს, სამოქალაქო ქორწინების შემდეგ, ჰქონდეთ ერთობლივი ქონება, ასევე შეეძლოთ, ცალკე ხელშეკრულებით განსაზღვრონ თავიანთი ქონების განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი. ამასთან, ისინი მიიღებენ მემკვიდრეობას, კანონის შესაბამისად და მემკვიდრეობის გადასახადის გადახდის გარეშე, შეძლებენ იმოქმედონ ერთმანეთის სახელით და ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე მიენიჭებათ უფლება, წარმოადგინონ ერთმანეთი ჯანდაცვის სფეროში და გააჩნდეთ ხელმისაწვდომობა პარტნიორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე.
წყარო: 1 არხი