ლიეტუვაში სასურსათო დახმარება 400 ათასზე მეტ ადამიანს ესაჭიროება – არასამთავრობო ორგანიზაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია „სასურსათო ბანკის“ ხელმძღვანელის, სიმონას გურევიჩიუსის განცხადებით, ლიეტუვაში 450 000-მდე ადამიანი საკვების ნაკლებობას განიცდის.
„სასურსათო ბანკი 232 000 ადამიანს ეხმარება“, – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ სასურსათო დახმარება უფრო მეტ ადამიანს სჭირდება.
„გამოკითხვების მიხედვით, ლიეტუვაში დაახლოებით 400 000-450 000 ადამიანია, ვისაც საკვები აკლია“, – განაცხადა გურევიჩიუსმა ლიეტუვას ეროვნულ რადიოსთან (LRT RADIO) ინტერვიუში. ეს ლიეტუვას მოსახლეობის დაახლოებით 15 პროცენტია.
მისივე თქმით, სასურსათო დაუცველობა შემოდგომიდან იზრდება, რადგან გათბობის გადასახადები და სხვა ხარჯები დაბალშემოსავლიან ოჯახებზე ფინანსურ ზეწოლას აძლიერებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლიეტუვაში ყოველწლიურად 400 000 ტონა საკვები იყრება.
„დახმარების რესურსი, რა თქმა უნდა, არის. ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დახმარების გაწევა შეუძლიათ. ჩვენ, უბრალოდ, სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რათა საკვებმა გაჭირვებულებთან მიაღწიოს“, – მიიჩნევს „სასურსათო ბანკის“ ხელმძღვანელი.
ორგანიზაციის მიერ ადრე გავრცელებული განცხადების თანახმად, შაბათ-კვირას გამართულ ტრადიციულ აქციაზე 274 000-ზე მეტი არამალფუჭებადი საკვები გაიცა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი