ლიეტუვაში სამხედროები ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან მფრინავი ობიექტის შეჭრის ფაქტს იძიებენ

მფრინავი ობიექტი, რომელიც ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან 10 ივლისს შევიდა, აღმოჩენის მომენტიდან მალევე ჩამოვარდა. ლიეტუვის სამხედროების მიერ დაწყებული გამოძიების პირველადი შეფასების თანახმად, მფრინავი ობიექტი საფრთხეს არ წარმოადგენდა და, შესაძლოა, ბელარუსში მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს საჰაერო სამიზნედ გამოიყენებოდა.
„ეს იყო მავთულებით და სხვა კომპონენტებით ერთმანეთთან დაკავშირებული პენოპლასტისა და ხის ნაჭერი და არა „შაჰედის“ დრონი. ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დანიშნულება ჰქონდა მას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლიეტუვის შეიარაღებული ძალების სპიკერმა, მაიორმა გინტაუტას ჩიუნისმა.
ობიექტი ლიეტუვას საჰაერო სივრცეში შუადღისას შევიდა და აღმოჩენიდან სამ წუთში თავისით ჩამოვარდა. ის ბელარუსის საზღვრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, შუმსკასის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან დაეცა, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს.
ხელნაკეთი საფრენი აპარატი, რომელიც აღწერის მიხედვით, პატარა თვითნაკეთ თვითმფრინავს ჰგავს, თავდაპირველად „შაჰედის“ ტიპის დრონად მიიჩნიეს, რომლის მსგავს საჰაერო აპარატებს უკრაინის ომში იყენებს. თუმცა, მოგვიანებით, მესაზღვრეებმა განმარტეს, რომ ეს არის ფანერისა და პენოპლასტისგან დამზადებული მსუბუქი თვითმფრინავი, რომელზეც, სავარაუდოდ, არანაირი ტვირთი არ იყო მიმაგრებული.
ჩიუნისის თქმით, განიხილება რამდენიმე სცენარი, მათ შორის – კონტრაბანდის ოპერაციებისთვის ან დაზვერვის მიზნებისთვის შესაძლო გამოყენება, ასევე ლიეტუვის საჰაერო თავდაცვის მზადყოფნის შემოწმების ვერსია. ერთ-ერთი სავარაუდო ახსნა არის ისიც, რომ ის იყო საჰაერო სამიზნე, რომელიც სამხედრო წვრთნებში გამოიყენებოდა და კურსს გადაუხვია.
„ის შეიძლება ყოფილიყო სამიზნე, რომელიც ვარჯიშის დროს კონტროლიდან გამოვიდა. ჩვენ არცერთ ვერსიას არ გამოვრიცხავთ“, – დასძინა ჩიუნისმა.
ლიეტუვის შეიარაღებული ძალების სპიკერი, მაიორი გინტაუტას ჩიუნისის.იანკაუსკასი / ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT)
მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალენემ აღნიშნა, რომ ჩამოვარდნილი ობიექტი რუსული წარმოების „გერბერას“ ტიპის დრონი იყო.
„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ეს არის „გერბერა“. ასეთ დრონებს შეიძლება მრავალი გამოყენება ჰქონდეთ. ჩვენ ამჟამად ვაზუსტებთ, რა მიზნებისთვის გამოიყენეს იგი“, – განაცხადა მინისტრმა LRT RADIO-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ობიექტი ლიეტუვას ტერიტორიაზე განზრახ, შეგნებულად გაიგზავნა.
ინციდენტმა განგაშის დონის მოკლევადიანი ზრდა გამოიწვია. ნატო-ს მებრძოლები, რომლებსაც ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვა ევალებათ, ოპერატიულ მზადყოფნაში იყვნენ მოყვანილი, მაგრამ მოგვიანებით, ობიექტის ჩამოვარდნის შემდეგ, შესაბამისი ბრძანება გაუქმდა.
განგაში გამოცხადდა ადგილობრივ პოლიციასა და შეიარაღებული ძალებშიც. ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ არავინ დაშავებულა ან დაზიანებულა. გავრცელებული ინფორმაციით, სანამ სოფელ პოტერონიაის მახლობლად ჩამოვარდა, საფრენი აპარატი, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე, საათში 50-60 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა.
მესაზღვრეებმა აღნიშნეს, რომ ასეთ მსუბუქ თვითმფრინავებს ადრე იყენებდნენ კონტრაბანდისტები, რომლებიც ლიეტუვისა და ბელარუსის საზღვრის სიახლოვეს მოქმედებდნენ.
სიფრთხილის მიზნით, ლიეტუვის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, გინტაუტას პალუცკასი და პარლამენტის თავმჯდომარე, საულიუს სკვერნელისი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს უსაფრთხო თავშესაფრებში. სკვერნელისმა დაადასტურა, რომ იგი თავშესაფარში „უცნობ მფრინავ ობიექტთან დაკავშირებული ინციდენტის გამო“ გადაიყვანეს. მთავრობის სხდომის მიმდინარეობის დროს, პალუკასის ევაკუაციაც განხორციელდა.
რაც შეეხება ლიეტუვას პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედა, ინციდენტის დროს, ოფიციალური ვიზიტით ირლანდიაში იმყოფებოდა.
წყარო: 1 არხი