მანქანის მართვის თეორიული გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარება ლიეტუვაში 2026 წლის 1 იანვრიდან უქმდება. ამ საკითხზე მწვავე პოლიტიკური დებატებისა და საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
ყოფილმა კონსერვატორმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, აგნე ბილოტაიტემ 2024 წლის დეკემბერში ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 2025 წლიდან მანქანის მართვის თეორიული გამოცდის ჩაბარება მხოლოდ ლიეტუვურ ან ევროკავშირის სხვა ოფიციალურ ენებზე უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, რუსულ ენაზე უარის თქმას ნიშნავდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ლიეტუვის სიდიდით მეორე ეთნიკური უმცირესობისთვის მშობლიური ენაა.
თუმცა, მისმა შემცვლელმა, „სოციალ-დემოკრატმა“ ვლადისლავ კონდრატოვიჩმა ცვლილება ერთი წლით გადადო და განაცხადა, რომ უწყებებსა და ავტოსკოლებს მეტი დრო და „უფრო ღრმა დისკუსიები“ ესაჭიროებოდათ. ამჟამად გამოცდის ჩაბარება ლიეტუვურ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი.
კონდრატოვიჩის მიერ დაწესებული ვადის მოახლოებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ცვლილება ძალაში გეგმის მიხედვით შევა. „ჩვენ მზად ვართ თეორიულ გამოცდაში ცვლილებებისთვის – ისინი ზუსტად ისე განხორციელდება, როგორც დაგეგმილი იყო,“ – განუცხადეს სამინისტროში ლიეტუვის ეროვნულ ტელე-რადიო მაუწყებელს (LRT.lt).
ვლადისლავ კონდრატოვიჩიე. ბლაჟისი / ლიეტუვის ეროვნულ ტელე-რადიო მაუწყებელს
ზოგიერთი ავტოსკოლა აცხადებს, რომ აკრძალვა საჭირო არ არის, რადგან არ ფიქსირდება რუსულენოვანი სტუდენტების მკვეთრი ზრდა, რომლებიც გამოცდის ჩაბარებას ვადის ამოწურვამდე ცდილობენ.
„გამოცდებზე რუსული ენის აკრძალვა გადაჭარბებული ჩანს. არსებითი საკითხი მანქანის მართვაა და არა ენა“, – აცხადებს ავტოსკოლა „Laukininkų VM“-ის ხელმძღვანელი, ედვარდას იოგელა. მისივე თქმით, ვადის მოახლოების კვალობაზე, მის სკოლაში გამოცდის ჩაბარების მსურველთა მხოლოდ მცირედი მატება შეინიშნება.
ავტოსკოლა „ARV-Auto“-ის დირექტორი, ვალდას შლეპიკასი კი ამბობს, რომ კომპანიას ყოველთვიურად დაახლოებით 40 რუსულენოვანი კლიენტი უკავშირდება. მან ასევე აღიარა, რომ ბილოტაიტეს ბრძანების გასაჯაროებისას, თავდაპირველად, შეშფოთება შეიმჩნეოდა, მაგრამ გადავადების შემდეგ, მოთხოვნა დასტაბილურდა. „შესაძლოა, იყო მცირე ტალღა, როგორც „ბოლო შანსი“, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა“, – დასძინა მან.
ავტოსკოლაა. უფარტასი / საინფორმაციო სააგენტო „ბალტიკ ნიუს სერვისი“ (BNS)
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებების და ლიცენზირების ეროვნული სააგენტო „რეგიტრა“ გააგრძელებს ინგლისურ ენაზე გამოცდის ჩაბარების შეთავაზებას და მას ესპანურს, ფრანგულსა და პოლონურს დაამატებს. საგამოცდო სისტემაში ინტეგრირებამდე, ახალი ენები ჯერ ტესტირებას გადიან.
ამასთან, პირებს, რომლებიც მართვის პრაქტიკულ გამოცდას აბარებენ, თარჯიმნის დახმარება ევროკავშირის ნებისმიერ ენაზე შეუძლიათ.
გასულ წელს, ლიეტუვაში მანქანის მართვის თეორიული გამოცდის რუსულ ენაზე ჩამბარებელთა რაოდენობამ 13 378 შეადგინა, რაც მთლიანი რაოდენობის 9.7%-ია. მიმდინარე წლის ნოემბრის შუა რიცხვებისთვის, მძღოლობის 14 470-მა მსურველმა ჩააბარა ტესტი რუსულად (შედარებისთვის – 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 10 961 იყო).
წყარო: 1 არხი




