ლიეტუვაში ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების შესახებ არასრულწლოვანთა ინფორმირების აკრძალვა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა

18 დეკემბერს, ლიეტუვას საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონის დებულება, რომელიც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის შესახებ არასრულწლოვანთა ინფორმირებას კრძალავს, არაკონსტიტუციურია.
ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ყოფილმა მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვა, შეეფასებინა არასრულწლოვანთა დაცვის კანონის კონსტიტუციურობა იმ ნაწილში, რომელიც საჯარო ინფორმაციის უარყოფითი გავლენას შეეხებოდა.
კანონში ნათქვამია, რომ არასრულწლოვანებზე უარყოფითად მოქმედებს ინფორმაცია, რომელიც „აკნინებს ოჯახურ ღირებულებებს და პროპაგანდას უწევს ქორწინებისა და ოჯახის შექმნის ისეთ კონცეფციას, რომელიც ლიეტუვას რესპუბლიკის კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კონცეფციისგან განსხვავებულია“.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონის ეს დებულება ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციის 25-ე მუხლს, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი მრწამსის ქონისა და თავისუფლად გამოხატვის, ასევე ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღებისა და გავრცელების უფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, კანონის ეს დებულება ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 38-ე მუხლს, სადაც ნათქვამია, რომ ოჯახი საზოგადოებისა და სახელმწიფოს საფუძველია და სახელმწიფო იცავს ოჯახს, დედებს, მამებსა და ბავშვებს.
სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთა შორის ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვამ არ უნდა შეარყიოს ან უგულებელყოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა ღირებულებები.
„არ შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც გულისხმობს, რომ ინფორმაცია ოჯახის ნებისმიერი მოდელისა და ადამიანებს შორის ურთიერთობის შესახებ თავისთავად მიუღებელია არასრულწლოვანთათვის“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გინტარას გოდამ, გადაწყვეტილების გამოცხადებისას.
„ასეთი სამართლებრივი რეგულაცია […] აფერხებს არასრულწლონების, როგორც მოწიფული, სრულფასოვანი პიროვნებების განვითარებას და შეუთავსებელია სახელმწიფოს კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან, უზრუნველყოს ბავშვის ჰარმონიული და ყოვლისმომცველი განვითარება, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემაზეა დაფუძნებული“, – დასძინა მან.
სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციით გარანტირებული ინფორმაციის მოძიებისა და მიღების თავისუფლება მოიცავს ვალდებულებას, უზრუნველყოს არასრულწლოვანთა წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც არის ობიექტური, ასახავს რეალურ სოციალურ ურთიერთობებს და ხელს უწყობს ისეთი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას, რომელიც სხვა ადამიანების უფლებებისა და ღირსების პატივისცემას ეფუძნება.
გასულ წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაადგინა, რომ ლიეტუვამ დაარღვია მწერალ ნერინგი მაკატეს უფლებები, როდესაც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების თემაზე დაწერილი მისი საბავშვო წიგნის, „ქარვის გულის“ გამოცემა შეზღუდა.
ECHR-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ლიეტუვას მთავრობამ სეიმს ამ დებულების კანონიდან ამოღება შესთავაზა, მაგრამ ლიეტუვას პარლამენტმა ეს ინიციატივა გასული წლის შემოდგომაზე უარყო.
წყარო: 1 არხი