ლიეტუვაში გრძელდება საპროტესტო აქციები საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად

ლიეტუვაში ათასობით ადამიანი კვირაზე მეტია აპროტესტებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის, LRT-ის (საზოგადოებრივი მაუწყებელი) გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას ამარტივებს.
ცვლილების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას და სიტყვის თავისუფლებას.
ვილნიუსის ცენტრში, პარლამენტის მახლობლად 17 დეკემბერს, საღამოსაც გაიმართა ხალხმრავალი აქცია, რომლის მონაწილეებმა პარლამენტისგან ისევ მოითხოვეს, უარი თქვას საკანონმდებლო ცვლილებაზე.
LRT პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აქციაში 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო აქცია დღეს, 18 დეკემბერს გაგრძელდება.
ლიეტუვის პარლამენტმა გასულ კვირაში პირველი მოსმენით მიიღო სოციალ-დემოკრატების, პარტია „ნემანის განთიადის“ და „ფერმერები-მწვანეების“ კოალიციის მიერ ინიციირებული ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევას, ან თანამდებობიდან გათავისუფლებას ფარული კენჭისყრით და დირექტორის გათავისუფლებას სამეურვეო საბჭოს 12-დან 7 წევრის თანხმობით. თუ ის არასათანადოდ ასრულებს მოვალეობას, ან საბჭო არ დაუმტკიცებს საქმიანობის წლიურ ანგარიშს.
დღეს მოქმედი კანონით, გენერალური დირექტორის გასათავისუფლებლად ღია კენჭისყრა ტარდება, საბჭოს 12-დან 8 წევრის თანხმობაა საჭირო, გათავისუფლების გადაწყვეტილება კი საზოგადოებრივი ინტერესით უნდა დასაბუთდეს.
საკანონონმდებლო ცცლილებას აკრიტიკებენ როგორც ლიეტუვის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. კრიტიკის და საპროტესტო აქციების მიუხედავად ლიეტუვის პარლამენტის უმრავლესობა აპირებს ცვლილება დაჩქარებული წესით საბოლოოდ მიიღოს. საკანომდებლო ცვლილებას ეწინააღმდეგებიან საპარლამენტო ოპოზიციაში მყოფი ქრისტიან-დემოკრატები, ლიბერალები და „დემოკრატიული კავშირი“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – კომისიის შექმნაზე უარის თქმით „ოცნება“ ხელს აფარებს მთავარ დამნაშავეს, ივანიშვილს აფარებენ ხელს – პროცესს სპექტაკლი და კორდებალეტი უწოდეს, მაგრამ ეშინიათ, რადგან შეგვეძლო მივსულიყავით, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გამცემთან