ლიეტუვაში გერმანიის სამხედრო ბრიგადის განთავსება დაიწყო

22 მაისს ლიეტუვაში დაიწყო გერმანიის 45-ე ჯავშნოსანი ბრიგადის განთავსება. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ვილსიუსში გამართულ ცერემონიალზე განაცხადა: „ძვირფასო ლიეტუველებო, შეგიძლიათ გვენდოთ, შეგიძლიათ ენდოთ გერმანიას“. ეს არის გერმანელი სამხედროების პირველი მუდმივი განთავსება ლიეტუვაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
მერცის განცხადებით, „ს აგრესიული რევიზიონიზმი არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ რევიზიონიზმი ემუქრება ჩვენს საერთო უსაფრთხოებას ევროპასა და მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში. ამიტომაც, გერმანიამ და სხვა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გააძლიერონ ნატოს აღმოსავლეთის ფლანგი. შესაბამისა, ჩვენ ლიეტუვაში განვათავსებთ მთელ ბრიგადას“.
ბრიგადა, რომელიც 5 ათასამდე სამხედროსგან შედგება, განთავსდება ეტაპობრივად და სრულად ქმედუნარიანი იქნება 2027 წლის ბოლოსთვის. განთავსების ადგილია რუდნინკალი, 30 კილომეტრში ვილნიუსიდან. დამხმარე ელემენტები განთავსდება როკანტიშკესში და ნემენჩინეში.
„დღევანდელი დღე არის ახალი ეპოქის დასაწყისი“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ფრიდრიხ მერცს განცხადებული აქვს, რომ გერმანიის სამხედრო ძალები იქნება უძლიერესი ევროპაში. ბრიგადის კალინინგრადსა და ბელარუსს შორის მდებარე სუვალკის დერეფანში განთავსება აღქმულია როგორც დაპირისპირების მთავარი ადგილი ნატო-რუსეთის პოტენციურ კონფლიქტში.
გერმანიის ეს ნაბიჯი არის საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის იმ გადაწყვეტილებების ანარეკლი, რომლებიც ითვალისწინებს ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში საბრძოლო დანაყოფების განთავსებას.
ამავდროულად, ვითარდება ბერლინისა და ვილნიუსის თანამშრომლობა სამხედრო წარმოების სფეროში. გერმანიის თავდაცვითი ინდუსტრიის გიგანტი „რაინმეტალი“ – „ლეოპარდის“ ტანკებისა და სააარტილერიო ჭურვების მნიშვნელოვანი მწარმოებელი – აფართოებს ქარხნების ქსელს ლიეტუვაში, რუმინეთსა და უნგრეთში.
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ვილნიუსის კათედრალის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ლიეტუვა მომავალი წლიდან თავდაცვითი ხარჯების მშპ-ს 5%-ზე მეტად გაზრდას გეგმავს და აპირებს ღირსეულად შეასრულოს ვალდებულებები, რომლებსაც მას ნატოს წევრობა აკისრებს.
გერმანული ბრიგადის წევრებს ნაუსედამ მადლობა გადაუხადა და დაპირდა მათ, რომ მიიღებენ წვრთნისა და ცხოვრების საუკეთესო პირობებს:
„თქვენი აქ ყოფნა აძლიერებს არა მხოლოდ ლიეტუვასა და გერმანიას. თქვენი წყალობით, მთელი ევროპა ძლიერდება“.
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების – 2022 წლის თებერვლის შემდეგ ნატოს მოკავშირეები შეუდგნენ აღმოსავლეთის ფლანგზე უკვე არსებული, ბატალიონის ზომის საბრძოლო დაჯგუფებების გაძლიერებას და შეთანხმდნენ დამატებითი მრავალეროვნული საბრძოლო დაჯგუფებების განთავსებაზე, რითაც მათი რაოდენობა რვამდე გაიზარდა, სამხედროების რაოდენობა კი გაორმაგდა. 2022 წლის მადრიდის სამიტზე ნატოს მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი ძალების განთავსებაზე – სადაც და როცა საჭიროება იქნებოდა, ბატალიონის ზომის მრავალეროვნული საბრძოლო დაჯგუფებების ბრიგადის ზომის დანაყოფებამდე გაზრდით.
ფორუმი