ლიეტუვამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბელარუსთან ქვეყნის სასაზღვრო- გამშვები პუნქტები კიდევ ერთი თვის განმავლობაში დარჩება ჩაკეტილი. ერთი კვირის წინ ვილნიუსის და კაუნასის აეროპორტები დაიხურა ბელარუსიდან მეტეოროლოგიური ბუშტების შეფრენის გამო.
ვილნიუსის აეროპორტი მანამდე, თვის დასაწყისშიც დაიხურა მას შემდეგ, რაც ლიეტუვის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში შევიდა ბელარუსიდან გამოშვებული ბუშტები. მათი მეშვეობით კონტრაბანდისტებს ბელარუსიდან სიგარეტი გადაჰქონდათ.
ლიეტუველი ოფიციალური პირები საჰაერო ბუშტების შეგზავნას რუსეთის მოკავშირე ბელარუსის მიერ განზრახ ქმედებად მიიჩნევენ. ლიეტუვა ნატოს და ევროკავშირის წევრია და ესაზღვრება რუსეთის კალინინგრადის ანკლავსა და ბელარუსს.
ლიეტუვის კაბინეტმა ოთხშაბათს გადაწყვიტა, რომ ერთი გამშვები პუნქტი დაიხურება, მეორე გამშვები პუნქტი – ვილნიუსის მახლობლად კი – შეზღუდულად იმუშავებს. ამ პუნქტის მეშვეობით ლიეტუვის და ევროკავშირის მოქალაქეებს კვლავ ექნებათ გასვლის უფლება. ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ რუსებს, რომლებსაც აქვთ ტრანზიტული დოკუმენტი, რომელიც მათ კალინინგრადში გამგზავრების საშუალებას აძლევს, ასევე შეეძლებათ გავლა.
სამშაბათს ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ლიეტუვის საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილებას „გიჟური თაღლითობა“ და მისი ქვეყნის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ ნაწილი უწოდა. მან აღნიშნა, რომ ვილნიუსი თავად უნდა ებრძოლოს კონტრაბანდას.
„თუ იქ სიგარეტით დატვირთული საჰაერო ბუშტები დაფრინავენ, ვფიქრობ, მათ ეს საკითხი თავის მხრივ უნდა გადაჭრან, – თქვა მან. – ვიღაც მათ იქ იღებს, ვიღაც დაინტერესებულია ამით. მათ უნდა იპოვონ პასუხისმგებელი პირები და თავიდან აიცილონ ასეთი რამ“.
ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსი ბოდიშს მოიხდის, თუ მისი მონაწილეობა დადასტურდება.




