თითქმის 2 თვეა, ქვეყანაში მშობიარობის დაფინანსების ახალი სისტემა მოქმედებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სქემა წარმატებით მუშაობს. მასში სამშობიაროების უმრავლესობა იღებს მონაწილეობას.
სამშობიარო სერვისებზე DRG-ს ამოქმედებიდან მცირე ხანში რამდენიმე კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ასეთი ფაქტების შესახებ ცნობილია „ლიდერმედის“ სამშობიარო განყოფილებისა და „დავარაშვილის კლინიკის“ შემთხვევაში.
იმის შესახებ, რომ 2023 წლის 25 დეკემბრიდან კლინიკა “ლიდერმედის” სამშობიარო განყოფილება პაციენტების მიღებას წყვეტდა, თავად კლინიკამ 12 დეკემბერს განაცხადა. განცხადების თანახმად, 2024 წლის 1 იანვრიდან ეს განყოფილება ფუნქციონირებას წყვეტდა. კლინიკის ხელმძღვანელობამ მაშინ განაცხადა, რომ DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ სამედიცინო პერსონალისთვის ჰონორარის გადახდა კლინიკისთვის შეუძლებელია.
ორსულთა მოვლის განყოფილება კი მუშაობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
22 დეკემბერს კი,,დავით დავარაშვილის კლინიკამ“ განაცხადა, რომ 29 დეკემბრიდან ეთიშებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. ოფიციალურ განცხადებაში კლინიკას ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ განუმარტავს, თუმცა მანამდე კლინიკის ხელმძღვანელმა დავით დავარაშვილმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ პაციენტის მხრიდან თანაგადახდის პრინციპი უნდა შენარჩუნებულიყო.
კერძოდ, მისი თქმით, მშობიარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ვიპ-პალატის ან სხვა სერვისების მიღების სურვილის შემთხვევაში, თანხის დამატებით ამ მომსახურების შეძენის უფლება ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გასული წლის 15 ნოემბრიდან მშობიარობის და საკეისრო კვეთის დაფინანსების მოდელი შეიცვალა და ახალი ტარიფები განისაზღვრა. DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფი ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის 1 222 ლარით განსაზღვრა, ამასთან, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთა, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურება სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება.
საგულისხმოა ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასული კლინიკები პროგრამაში დაბრუნებას მოისურვებენ, ამის გაკეთებას 2025 წლამდე ვერ შეძლებენ, რადგან მიმდინარე წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალ მიმწოდებლად დარეგისტრირებაზე მორატორიუმია გამოცხადებული.
დავით დავარაშვილის კლინიკა ბოლო წლებში საკუთარ უპირატესობად ე.წ. ფრანგულ საკეისრო კვეთებს ასახელებდა. დაფინანსების ახალი წესი და დამატებით ამოქმედებული რეგულაციები კი საკეისრო კვეთების შემცირებას ისახავს მიზნად და დადგენილი მაჩვენებლის გადაჭარბების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებისთვის სანქციების დაკისრებასაც ითვალისწინებს. ამასთან, DRG არ აფინანსებს მოთხოვნით საკეისროს ჩატარებას. შესაბამისად, საკეისრო კვეთებზე ორიენტირებული კლინიკებისთვის აღნიშნული მოდელი მისაღები ვერ იქნებოდა. ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ სახელმწიფო არც „ვიპ“ პალატაში მშობიარის განთავსებას აფინანსებს. ცხადია, თანაგადახდის შენარჩუნების შემთხვევაში, კლინიკას უფრო მეტი პაციენტი მიმართავდა ძვირად ღირებული სერვისის მისაღებად, რადგან ღირებულების ნაწილს სახელმწიფო დაფარავდა.
როგორ შეძლებენ კლინიკები სამედიცინო სექტორის მთავარი დამფინანსებლის – სახელმწიფოს ფულის გარეშე მუშაობის გაგრძელებას, ამას უახლოესი თვეები გვიჩვენებს.
