ლიდერი შეიცვალა… “დილა” პირველია; ფოთელებმა კი “იბერია 1999”-ს მოუგეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლიდერი შეიცვალა: გორის დილამ გაუსწრო თბილისის იბერია 1999-ს.
დღეს დასრულდა 24-ე ტური. ორი მატჩი გაიმართა: დილამ დინამო ბათუმს მოუგო, იბერიელები კი აუტსაიდერ ს კოლხეთი 1913-თან დამარცხდნენ.
იბერია 1999 0:2 კოლხეთი 1913
მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ეს იბერიელთა მხოლოდ მეორე წაგებაა და საინტერესოა, რომ ორივეჯერ შინ დამარცხდნენ იმ გუნდთან, რომელიც ბოლო ადგილზე იყო: ადრე თელავთან და დღეს კოლხეთი 1913-თან. ფოთელებმა 29 აპრილის მერე პირველად გაიმარჯვეს. 12 ტურის განმავლობაში არ ჰქონდათ მოგებული.
თამაშს რაც შეეხება, პირველი გოლი 73-ე წუთზე გავიდა. რომან პლიუშჩის პასის შემდეგ ნიკოლას-ნიკა კაპანაძემ ძლიერი დარტყმით გაიტანა. იბერიელები ხელოვნური თამაშგარის შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ გამოუვიდათ.
ბოლოს კი ფოთელთა ნახევარმცველმა დავით ფაღავამ ისარგებლა მეტოქის შეცდომით და 0:2 გახადა ანგარიში. სხვათა შორის, კაპანაძისთვისაც და ფაღავასთვისაც ეს სადებიუტო გოლი იყო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
დილა 2:0 დინამო ბთ
გორის დილამ დინამო ბათუმს მოუგო და პირველ ადგილზე გადავიდა.
ბათუმელები უკვე მე-13 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, რადგან დმიტრი მანდრიჩენკო ცენტრში უხეშობისთვის გააძევეს. მანდრიჩენკომ სახეში ფეხი მიარტყა ალექსანდრე ანდრონიკაშვილს…
სტუმრები არ ტყდებოდნენ, მაგრამ 66-ე წუთზე ცხრა კაცით დარჩნენ. არბიტრმა ბაქარ ბრეგაძემ ლევან ხოზრევანიძეს მეორე გაფრთხილება მისცა: ეს იმის გამო, რომ ხოზრევანიძეს ტრავმა ჰქონდა, ექიმებმა მინდვრის მიღმა აღმოუჩინეს დახმარება და ისიც მინდორზე დაბრუნდა… მსაჯის დაუკითხავად. ბრეგაძემაც ამიტომ უჩვენა ყვითელი ბარათი.
დილამ ასეთი უპირატესობა ბოლოს მაინც გამოიყენა. 85-ე წუთზე არბიტრმა VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა პენალტი და ანდრონიკაშვილმაც ზუსტად დაარტყა – 1:0.
ბოლოს კი კონტრშეტევაზე დილამ მეორე ბურთიც მიითვალა. აბდალა ხალაიჰალიმ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა…
erovnuliliga.ge
ალთუნაშვილი “იბერია 1999-ში” დაბრუნდა
ოფიციალურად: “კოლოსმა” ზურაბ რუხაძე წარადგინა