განახლდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. დაიწყო მეოთხე წრე, 28-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა, ვნახეთ ლამაზი გოლები… ლიდერი შეიცვალა: გორის დილას ნაცვლად, ცხრილის თავში ისევ იბერია 1999 მოექცა.
გარეჯი 3:2 დილა
საინტერესო მატჩი ვნახეთ. საგარეჯოს გარეჯმა მესამე წრე მოუგებლად ჩაატარა, მაგრამ აი, მეოთხე წრე გამარჯვებით დაიწყო. თანაც ვისთან: ლიდერ გორის დილასთან. თანაც, 71-ე წუთამდე გარეჯი ორი ბურთის სხვაობით აგებდა.
სწრაფი გოლი ვნახეთ. დილამ ლამაზი კომბინაცია გაითამაშა, ბოლოს ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა დაარტყა, ბურთი ლუკა თოლორდავას მოხვდა და კარში შევარდა.
პირველივე ტაიმში, დილას ფორვარდმა შოთა შეყილაძემ ოდნავ მახვილი კუთხიდან ჭკვიანურად დაარტყა და სხვაობა გაზარდა.
71-ე წუთიდან დაიწყო გარდატეხა. ნიკა კაჭარავამ ინდივიდუალურად მაგრად ითამაშა და ბოლოს დაბალ კუთხეში დარტყმით გაიტანა – 1:2.
მალევე, თორნიკე ძებნიაურმა თავურით გაუტანა დილას, ხოლო 88-ე წუთზე დავით სხირტლაძემ თავურით გამარჯვება მოუტანა გარეჯს.
საგარეჯოელები მერვე ადგილზე არიან, აი, დილამ კი ლიდერობა დაკარგა.
თელავი 0:2 იბერია 1999
თბილისელებმა თელავში მოიგეს და პირველ ადგილზე გადავიდნენ.
პირველი გოლი მე-20 წუთზე გავიდა აშკარად დამუშავებული სტანდარტულიდან. ლუკა სილაგაძემ რბილად ჩააწოდა, გიზო მამაგეიშვილმა თავური მიაყოლა და მეკარე ლევან თანდილაშვილმა მოიგერია, ბურთი თან ძელს მოხვდა და მერე დერეკ აგიაკვამ დაამატა.
მეორე ნახევარში კი გურამ გოშთელიანმა გაიტანა ლამაზი გოლი: უცებ გაერკვა სიტუაციაში, ორ მცველს გასცდა და ზუსტადაც დაარტყა – 0:2.
გაგრა 0:2 ტორპედო
ქუთაისის ტორპედომ ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ მოიგო და ის ერთიც ფრედ აქვს ნათამაშები. აი გაგრამ კი ზედიზედ მესამედ წააგო.
ორი გოლი და ორივე თითქმის ერთი და იგივე ადგილიდან. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაუკეთა პასი და საჯარიმოში შესულმა ბიორნ იონსენმა ძლიერი დარტყმით გაიტანა.
81-ე წუთზე კი ფელიპე პირესის ჭკვიანურ პასს მოჰყვა კომნენ ანდრიჩის დარტყმა და 0:2.
erovnuliliga.ge
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ახალი ეტაპი “იბერიაში” – გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ბოლო წუთების ფასი… “დილამ” და “სამგურალმა” მოიგეს, “იბერია 1999”-“გარეჯი” ფრედ დასრულდა
