ლიდერი პოზიცია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში – “კორუფციის აღქმის ინდექსის” მიხედვით, საქართველო კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს რეგიონის ქვეყნებს შორის. საქართველოს შეფასება საუკეთესოა შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში.
რეიტინგის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას და საერთო ჯამში, ევროკავშირისა და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროს. საქართველო 27 სარეიტინგო საფეხურით უსწრებს 76-ე ადგილზე მყოფ მოლდოვას და 55 პოზიციით წინ არის 104-ე ადგილზე გასულ უკრაინასთან შედარებით.
2023 წლის კორუფციის ინდექსი “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” გამოაქვეყნა. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ საქართველოს მონაცემები, გასულ წელთან შედარებით, 3 ქულით შემცირდა. თუმცა მკვლევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ, სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით, საქართველო რეგიონში კვლავ მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს.
“ზოგადად, ერთი ქულის მომატება ან მოკლება არაფერია, მაგრამ ახლა სამი ქულის მოკლება უკვე ბევრს ნიშნავს. ქვეყანაში შესაქმნელია ეფექტური სისტემა ელიტური კორუფციასთან საბრძოლველად,” – ეკა გიგაურის ამ განცხადებას მმართველი გუნდიდან უპასუხეს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის დამაზიანებელი, სპეკულაციური ინტერპრეტაციები არ უკვირთ. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს მოწინავე პოზიციებზე მიუკერძოებელი, ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებიც მეტყველებს.
კორუფციის აღქმის ინდექსი თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორებში კორუფციის დონეს ზომავს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ, ამ მიმართულებით, სახელმწიფო სტრუქტურებში პრობლემებია, რაც კვლევაშიც აისახა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიუკერძოებელი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორისგან განსხვავებით, საქართველოს შესახებ ობიექტურ მონაცემებს აქვეყნებენ და, თითქმის ყველა ასეთ კვლევაში, ქვეყანას მოწინავე პოზიციები აქვს. კორუფციის ინდექსში ქვეყნის პოზიტიურ მაჩვენებელს სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. “ეს მონაცემები საქართველოს მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა,” – წერს შალვა პაპუაშვილი.
“კორუფციის აღქმის ინდექსი”, ტრადიციულად, 180 ქვეყანაში ტარდება და თითოეული ქვეყანა 100-ბალიანი სისტემით ფასდება. 53 ქულით, საქართველო რეგიონში მოწინავე პოზიციაზეა.