“ლიდერი მეცნიერებიო. შევარდნაძის ერაში დავბრუნდით” – აკადემიაში ლიდერ მეცნიერთა არჩევის წესი კანონმდებლობით დარეგულირდება

პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას, რომელიც მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წევრ-კორესპონდენტთა არჩევის წესის საკანონმდებლო რეგულირებას ითვალისწინებს.
“საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2009 წლის 1 მაისიდან შეწყდა აკადემიის წევრკორესპონდენტთა არჩევა, რამაც მათი მილევად რეჟიმში გადაყვანა გამოიწვია. 2009 წელს აკადემიის წევრთა საერთო რაოდენობა იყო 127, ხოლო დღესდღეობით მათი შემადგენლობა 78 წევრით განისაზღვრება. დღეს მოქმედი რედაქციით, წევრ-კორესპონდენტები აკადემიის წევრები არიან და მონაწილეობას იღებენ აკადემიის მართვის უმაღლეს ორგანოში, აკადემიის საერთო კრებაში, თუმცა მათი არჩევის საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს.
[…] მსოფლიოში მეცნიერების სხვადასხვა დარგების სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია აკადემიის წევრთა რიცხოვნობის ზრდა, რის გამოც, მიზანშეწონილია “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელდეს ცვლილება, რომლის თანახმად, აკადემიას კვლავ მიეცემა წევრ-კორესპონდენტთა არჩევის უფლებამოსილება”. – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აღნიშნული კანონპროექტით აკადემიის წევრ-კორესპონდენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30-ს, ხოლო აკადემიის სტიპენდიატებისა 10-ს. დღეს აკადემიაში 10 წევრ-კორესპონდენტი და 9 სტიპენდიატია.
ცვლილების თანახმად, აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება აირჩეს “საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში”.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში შესაძლო ცვლილებას ოპოზიციონერი დეპუტატი გამოეხმაურა და აღნიშნული კანონპროექტი “დრომოჭმული საბჭოთა სისტემის აღდგენის” მცდელობად დაახასიათა.
“პარლამენტის სამმა წევრმა, გივი მიქანაძემ, გიორგი სოსიაშვილმა და გიორგი კიკაბიძემ, რა თქმა უნდა ვიღაცების დავალებით და ვიღაცებისთვის, პარლამენტში დაჩქარებული წესით ( სად ეჩქარებათ, რომ ვერ გაგვიგია), გადაწყვიტა მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის დრომოჭმული საბჭოთა სისტემის აღდგენა. მეცნიერებათა აკადემია 30 წევრ-კორესპონდენტით უნდა შეივსოს. გუშინ მიიღეს პირველი მოსმენით და დღეს უკვე მოათავებენ.
ნახეთ, თუ როგორ სასაცილოდ ასაბუთებენ ამ კანონის დაჩქარებულად ანუ სასწრაფოდ მიღების აუცილებლობას:
“ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკურმა და სოციალურმა განვითარებამ შეიძინა მკვეთრად გამოხატული დინამიკურობა, გაფართოვდა საგარეო ურთიერთობების სპექტრი, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა აკადემიის, როგორც საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩევლის, ვალდებულებების მოცულობა, რომელთა ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელია უმოკლეს ვადებში აკადემიის რიგების შევსება ახალი ძალებით. გარდა აღნიშნულისა, მეცნიერებაში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების პირობებში ყალიბდება ახალი მიმართულებები. აღნიშნულის საპასუხოდ საჭიროა აკადემიამ ამ დარგებში დროულად აირჩიოს ლიდერი მეცნიერები”.
ლიდერი მეცნიერებიო.
აი, ასე იწერება კანონები ნეპოტისტურად.
შევარდნაძის ერაში დავბრუნდით”. – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.