გაეროს სამშვიდობო ძალების – სამეთვალყურეო მისიის სამი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა ლიბანის სამხრეთში, როცა მათ მანქანასთან აფეთქება მოხდა სოფელ იარინთან.
მისიის პრესმდივნის, ანდრეა ტენენტის თანახმად, მათი ავტომანქანა მკაფიოდ იყო აღნიშნული გაეროს ნიშნით.
ტენენტის თქმით, „პატრულის შემადგენლობაში მყოფი სამშვიდობო ძალების ყველა წარმომადგენელი უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ ბაზაზე.“ მას აფეთქების დეტალებზე არაფერი უთქვამს.
„ინციდენტს ვიძიებთ. ყველა მხარეს და მონაწილეს დაბეჯითებით შევახსენებთ მათი პასუხისმგებლობის შესახებ, რომ დაუშვებელია ზიანის მიყენება სამშვიდობო ძალებისა და სამოქალაქო პირებისთვის“.
გაეროს სამშვიდობო ძალები ლიბანში 1978 წლიდან იმყოფება და მათი თავდაპირველი ამოცანა იყო ამ ქვეყნიდან ისრაელის ჯარების გაყვანის დადასტურება. წლების განმავლობაში მისიას ხასიათი ეცვლებოდა ვითარების და გაეროს შესაბამისი რეზოლუციების მიხედვით. ბოლო თვეებში, ღაზაში ისრაელის და ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) ომის პერიოდში, ლიბანის ჰეზბოლას, რომელიც ჰამასის მოკავშირეა, და ისრაელს არაერთხელ გაუცვლიათ ცეცხლი.