ლიბანის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნაჯიბ მიკათიმ ისრაელის მიერ ბეირუთში ჰამასის მაღალჩინოსნის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობა დაგმო.
მიკათიმ თავდასხმას “ისრაელის მორიგი დანაშაული” უწოდა და თქვა, რომ იერუსალიმი ლიბანის კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს.
მედიის ცნობების მიხედვით, ისრაელის თავდასხმას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა.
ამერიკულ გამოცემა The Washington Post-თან საუბარში აშშ-ს თავდაცვის უწყების ანონიმურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ჰამასის პოლიტბიუროს მეთაურის მკვლელობაზე პასუხისმგებელი ისრაელია.
ისრაელს თავდასხმა ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუდასტურებია, თუმცა, ისრაელის პრემიერმინისტრის პარტია ლიქუდის წარმომადგენელმა, დენი დანონმა, რომელიც ქნესეთის დეპუტატია, ქვეყნის უსაფრთხოების ძალების ალ-არურის მოკვლის ოპერაციისთვის შეაქო. მის გარდა, თავდასხმას გამოეხმაურა ისრაელის ფინანსთა მინისტრი, ულტრამემარჯვენე ბეცალელ სმოტრიჩი და დაწერა: “დაე ყველა მტერი წარიწყმინდოს”.
ისრაელის ტელეარხის, მე-12 არხის ცნობით, მთავრობის კაბინეტის მდივანმა, იოსი ფუხსმა მინისტრებს მისცა მითითება, რომ თავდასხმაზე, რომლის მიტანაც ისრაელს ჯერ არ დაუდასტურებია, საჯაროდ არაფერი თქვან.
ჰამასის პოლიტბიუროს მეთაურის, ისმაილ ჰანიას მოადგილე, 57 წლის სალეჰ ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. ის მიიჩნეოდა დასავლეთ სანაპიროზე ჰამასის სამხედრო ფრთის დე ფაქტო ლიდერად.
ისრაელის სადაზვერვო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ ალ-არური მონაწილეობდა 2014 წელს 2 ისრაელელი თინეიჯერის მოტაცებასა და მკვლელობაში, ასევე სხვა თავდასხმებში.
მან ისრაელის ციხეებში რამდენიმე წელი გაატარა. გაათავისუფლეს 2010 წელს, ტყვეების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში. მაშინ 2006 წელს ჰამასის მიერ გატაცებული სამხედრო, გილად შალითის გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელმა ციხიდან 1 000-მდე პალესტინელი გაუშვა. შალითი 2011-ში გაათავისუფლეს.
გათავისუფლების შემდეგ ჰამასის მაღალჩინოსანი სტამბოლში გადავიდა, თუმცა ქალაქის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. სირიაში ცხოვრების შემდეგ, არური ლიბანში, ბეირუთში გადავიდა.
როგორც ისრაელის მედიაში წერენ, ალ-არური იყო ჰამასის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც განსაკუთრებით დაახლოებული იყო ირანთან და ჰეზბოლასთან, რომელიც ლიბანის სამხრეთს აკონტროლებს. ლიბანში მდებარე დევინლთა ბანაკებიდან ალ-არურიმ ჰამასის ადგილობრივი ძალები შექმნა. მათ უტარდებოდათ წვრთნები და ჰქონდათ მცირე რაოდენობით რაკეტებიც.