ლიბანის მთავრობის ცნობით, 600-მდე ადამიანია დაღუპული ისრაელის ავიადარტყმების შედეგად

ლიბანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 23 სექტემბრიდან სულ მცირე 558 ადამიანია დაღუპული ს ავიადარტყმების შედეგად. მანამდე ბეირუთი 492 დაღუპულის შესახებ იუწყებოდა.
ლიბანის მთავრობის მიერ დღეს, 24 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულთა შორისაა 50 ბავშვი და 94 ქალი. დაჭრილია 1835 ადამიანი.
ისრაელი ირწმუნება, რომ ლიბანის სამხრეთში და ზოგიერთ აღმოსავლეთ რაიონში მისი სამიზნეა ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ისლამისტური ორგანიზაცია ჰეზბოლას ობიექტები. ლიბანის ხელისუფლება ამტკიცებს, განადგურებული ობიექტების დიდი ნაწილი საცხოვრებელი სახლებია.
24 სექტემბერს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთს კვლავ შეუტია 20-მდე რაკეტით, რომელთა ნაწილი მოიგერიეს, ნაწილი კი დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა. ისრაელის ავიაციამ ლიბანის ტერიტორიაზე საპასუხო იერიში მიიტანა. ჰეზბოლას თანახმად, რაკეტებით დაარტყეს ისრაელის ავიაბაზას, რომელიც ქალაქ აფულასთან მდებარეობს.
ერთი დღით ადრე, 23 სექტემბერს ისრაელის არმიამ ავიაგამანადგურებლებით და დრონებით ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა ლიბანის სამხრეთზე და აღმოსავლეთში მდებარე ბეკაას ველის რაიონზე. ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, დაარტყეს ჰეზბოლას 1100-ზე მეტ ობიექტს, მათ შორის რაკეტების და დრონების საწყობებს.
ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ოპერაცია გაგრძელდება და მისი სამიზნეა ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჰეზბოლა ისრაელთან საომრად ქმნიდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ 23 სექტემბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა და ჰეზბოლას მიერ კონტროლირებული რაიონების მცხოვრებთ დროებით ევაკუაციისკენ მოუწოდა. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ებრძვის არა მშვიდობიან ხალხს, არამედ ჰეზბოლას, რომელიც დიდი ხანია მათ ფარად იყენებს. ლიბანის მთავრობამ ისრაელი ფსიქოლოგიურ ომშიც დაადანაშაულა.
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრ ფირას აბიადის განცხადებით, ათასობით ოჯახი იძულებული გახდა საომარი მოქმედებების ზონიდან გაქცეულიყო. აბიადმა BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელის მთავრობას განზრახული აქვს ესკალაცია და პროვოცირება.
ისრაელმა ლიბანის სამხრეთზე მასირებული შეტევა 19 სექტემბრის საღამოდან დაიწყო იმ დროს, როცა ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა სიტყვით გამოდიოდა წინა ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო.
17 და 18 სექტემბერს, ლიბანში ჰეზბოლას წევრებს მასობრივად აუფეთქდათ პორტატიული საკომუნიკაციო საშუალებები (პეიჯერები, რაცია). დაიღუპა, სულ მცირე, 37 ადამიანი და 3000-მდე დაიჭრა.
ჰეზბოლამ პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა. ორგანიზაციის ლიდერმა ჰასან ნასრალამ 19 სექტემბერს სატელევიზიო მიმართვისას თქვა, რომ ეს თავდასხმა გასცდა ყველა წითელ ხაზს, ომის გამოცხადებად უნდა შეფასდეს და ისრაელს შესაბამის პასუხს გასცემენ. ამის შემდეგ, 21 სექტემბერს ჰეზბოლამ ათეულობით რაკეტით შეუტია ისრაელის ჩრდილოეთს.
2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა თავის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის შემდეგ ომი გამოუცხადა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს და ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ჰეზბოლამ ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ჩრდილოეთზე არაერთხელ მიიტანა სარაკეტო შეტევა.
ისრაელს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული. ჰეზბოლა ისრაელს მთავარ მტრად მიიჩნევს.
ბოლო დღეების ესკალაციის გამო, 23 სექტემბერს საფრანგეთმა მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა.
ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა რეგიონი შესაძლოა, გაცილებით ფართო კონფლიქტში ჩაითრიოს, რაც წარმოუდგენელ შედეგებს გამოიწვევს და გამარჯვებას ვერცერთ ქვეყანას ვერ მოუტანს. ამის შესახებ 23 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. მათ კონფლიქტის მხარეებს ამ დამანგრეველი ციკლის შეჩერებისკენ მოუწოდეს. G7-ის წევრები არიან , კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და იაპონია.