ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის “ღამის სერენადები” დასკვნით კონცერტებს თბილისი უმასპინძლებს

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” დასკვნით კონცერტებს თბილისში 9 და 11 ოქტომბერს გამართავს.
9 ოქტომბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსმენელის წინაშე წარსდგებიან ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; ვერიკო ჭუმბურიძე – ვიოლინო, საქართველო/თურქეთი; ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები” (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). შესრულდება იოჰანეს ბრამსის – სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, თხზ.77 (არანჟ. ილან რეხტმანი); პეტრე ჩაიკოვსკის – სერენადა სიმებიანი საკრავებისთვის დო მაჟორი, თხზ. 48.
11 ოქტომბერს კი ფესტივალის ბოლო დღე ლეგენდარულ ასტორ პიაცოლას და მის გენიალურ მუსიკას მიეძღვნება. “ასტორი – ტანგოს საუკუნე” – ასე ჰქვია კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: Balletto Di Roma – საბალეტო დასი, იტალია; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია. კონცერტზე ასტორ პიაცოლას უკვდავი ნაწარმოებები შესრულდება.
ფესტივალი “ღამის სერენადები” 20 აგვისტოს ქალაქ ბორჯომში გალა კონცერტით სასტუმრო “ბორჯომი ლიკანში” გაიხსნა და 22, 24 და 26 აგვისტოს კი ს ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაგრძელდა. ფესტივალის განმავლობაში იმართება ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია არტ ალიანსი, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი, 2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტადტში მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ “შემოქმედებითი საქართველო”, ქალაქ თბილისის მერია, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში.