ლვოვის ოლქში დააკავეს ФСБ-ს აგენტი-კორექტორი, ლვოვში მასშტაბური კონტრსადაზვერვო ღონისძიებები იწყება

11 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება ქალაქ ლვოვში დაგეგმილი კონტრსადაზვერვო ზომების თაობაზე, რომლებიც 12-16 ივნისს გატარდება და მათში პოლიციაც ჩაერთვება.
სამსახურის განცხადებით: “ღონისძიებების მიზანია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საფრთხეებისა და მოქმედებების პრევენცია და ნეიტრალიზაცია. უკრაინის წინააღმდეგ ს შეიარაღებული აგრესიის ფონზე. უსაფრთხოების ზომები მიღებული იქნება კანონიერად მოქმედი საომარი მდგომარეობის კონტექსტში”.
გავრცელებული ცნობით, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში სამართალდამცავებს უფლება ექნებათ: შეზღუდონ ტრანსპორტის მოძრაობა, შეამოწმონ მოქალაქეების დოკუმენტები და ავტომანქანები. კონკრეტული პირების მიმართ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში გატარდება დამატებითი ზომები. გარდა ამისა, აკრძალული ნივთების აღმოსაჩენად შემოწმდება საჯარო ტერიტორიები და ობიექტები.
უკრაინის უშიშროების სამსახური მოქალაქეებს სთხოვს, გაგებით მოეკიდონ შესაძლო უხერხულობებს და შესაბამისად უპასუხონ სამართალდამცავთა კანონიერ მოქმედებებსა და მოთხოვნებს, იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და შეასრულონ საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული წესები.
ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ცნობა ლვოვში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტის დაკავების შესახებ. არსებული ინფორმაციით, ის მტრულ სახელმწიფოს ეხმარებოდა ლვოვის ოლქზე დარტყმის მომზადებაში.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, “უშიშროების სამსახურმა დააკავა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ლვოვის ოლქზე საჰაერო თავდასხმის მზადებაში მონაწილე კორექტორი. ის აღმოჩნდა 57 წლის ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ტელეგრამის არხებით დაიქირავა.
საქმის მასალებით, აგენტისთვის მიცემული მთავარი დავალება იყო უკრაინის დასავლეთის ოლქში სამხედრო საჰაერო ბაზების მოძიება.
აეროპორტის კოორდინატების განსასაზღვრავად, მოღალატემ ტერიტორია საკუთარი მანქანით მოიარა და შეეცადა დაედგინა, რომელ აეროპორტებს იყენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები”.
უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერიტორიის დაზვერვისას, აგენტმა ფოტოები გადაუღო შესაბამის არეალში არსებულ ობიექტებს და მათი გეოლოკაცია Google Maps-ზე მონიშნა:
“სახლში დაბრუნებისას, ფიგურანტმა მოპოვებული მონაცემები შეაჯერა და მოამზადა „ანგარიში“ ეფესბეს კურატორისთვის.
ოკუპანტთან კომუნიკაციისთვის აგენტმა გამოიყენა ანონიმური მესინჯერის ჩატი და ყოველი კომუნიკაციის შემდეგ ის საგულდაგულოდ შლიდა მიმოწერას.
ასეთი კონსპირაციის მიუხედავად, უკრაინის უშიშროების სამსახურის კიბერ-სპეციალისტებმა მაინც აღმოაჩინეს გამცემი, მოიპოვეს მისი დანაშაულების ამსახველი დოკუმენტები და ის მისსავე სახლში დააკავეს”.
უშიშროების სამსახურმა მიიღო აგრეთვე ზომები თავდაცვის ძალების ლოკაციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უკრაინის უშიშროება აგრეთვე იუწყება, რომ გამოძიების შედეგად, ამოღებულია დაკავებულის ტელეფონი, მისი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებებით.
დაკავებულ აგენტ-კორექტორს ბრალი წაუყენეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით: ომის პირობებში სახელმწიფოს ღალატისთვის. დაკავებულს მოელის სამუდამო პატიმრობა და ქონების კონფისკაცია.