ლე პენის პარტიის თავმჯდომარემ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა

საფრანგეთი საპარლამენტო ს მეორე ტურის საბოლოო შედეგების მოლოდინშია. წინასწარი გამოკითხვებით, არჩევნებში მემარცხენეების ალიანსი, „ახალი სახალხო ფრონტი“ ლიდერობს. მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული ერთობის“ თავმჯდომარემ, ბარდელამ, მარცხი უკვე აღიარა.
ჯორდან ბარდელამ განაცხადა, რომ საფრანგეთი მემარცხენეების ხელში აღმოჩნდა და მისი პარტია მუშაობას ოპოზიციაში გააძლიერებს.
მეორე ადგილს პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება იკავებს.
ამომრჩეველთა აქტივობა ისეთი მაღალი იყო, მსგავსი მონაცემი 1981 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
მემარცხენეებს ჯერ არ დაუსახელებიათ, ვისზე შეაჩერებენ არჩევანს ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტზე.
პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, რომ მაკრონი არჩევნების შედეგებს აანალიზებს და გადაწყვეტილებებს მას შემდეგ მიიღებს, რაც სრული სურათი ცნობილი გახდება.
თუ წინასწარი მონაცემები დადასტურდება და ძალაში დარჩება, საფრანგეთის პარლამენტში მანდატები სამ დიდ ჯგუფს შორის განაწილდება, რომელთაც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იდეოლოგიური პლატფორმა აქვთ და ერთობლივი მუშაობის გამოცდილება არ გააჩნიათ.
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი პარტია 6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა.
“ისე ვერ მოვიქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა”, – განაცხადა მაკრონმა, როცა მისი კონკურენტის, მარინ ლე პენის პარტიამ მასზე 2-ჯერ მეტი ხმა მიიღო.
რომ არა მაკრონის ეს გადაწყვეტილება, საფრანგეთის პარლამენტი ჯერ კიდევ მოქმედი შემადგენლობით 2027 წლამდე იმუშავებდა.
ჯამში, 577 მანდატია გასანაწილებელი. უმრავლესობის მოსაპოვებლად ნახევარი, 289 მანდატის მიღებაა საჭირო.
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს საპარლამენტო არჩევნები, ის თანამდებობაზე თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე დარჩება, რომელიც 2027 წელს იწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?