სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ძალადობაში მონაწილე პოლიციელის მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი არ დამდგარა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ამოცნობა შესაძლებელი იყო.
ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ძალადობას ცალკე თავი ეთმობა სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილ ანგარიშში, რომელიც 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას შეეხება.
2024 წლის 10 მაისს, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე, პოლიციის ავტობუსიდან ჩამოსულმა სამხედრო ფორმიანმა და ნიღბიანმა პირებმა მოქალაქე ირაკლი წიგნაძე საკუთარი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და სცემეს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა შემთხვევის ამსახველი, სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებული ვიდეო კადრები.
ანგარიშის თანახმად, ლეონიძის ქუჩის ეპიზოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახულ ძალადობაში მონაწილე ერთ-ერთი პოლიციელი სახით ჩანდა და მისი ამოცნობა შესაძლებელი იყო.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ასახული ძალადობის შემთხვევაზე განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ხოლო მოგვიანებით სახალხო დამცველმა მოცემულ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე საგამონაკლისო წვდომა ითხოვა, რაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკმაყოფილა.
„გამოძიების ფარგლებში, სსს-მა შსს-ს ვიდეოკადრებში ასახული პოლიციის თანამშრომლის ვინაობისა და ზუსტი სამუშაო ადგილის, პოზიციისა და თანამდებობის დადგენის მიზნით მიმართა, სამინისტროს ეს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოსათვის არ მიუწოდებია. ამასთანავე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას არც სხვა გზებისთვის მიუმართავს პოლიციელის ვინაობის დასადგენად. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აღინიშნა, ი. წ.-ზე ძალადობა ცალსახად დასტურდებოდა, ი. წ. საქმის ფარგლებში დაზარალებულად არ იყო ცნობილი, ხოლო გამოძიება უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით მიმდინარეობდა“, – ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში აშკარა იყო, რომ მოქალაქე ი. წ.-ს მიმართ არ ყოფილა გამოყენებული რაიმე ლეგიტიმური ძალა, რომელსაც შემდგომ „გადამეტება“ მოჰყვა.
„ი. წ.-ს მიმართ არ ხორციელდებოდა რაიმე იძულების ღონისძიება, არ ხდებოდა მისი დაკავება ან განრიდება. ამდენად, მის მიმართ ადგილი არ ჰქონია უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას, არამედ, ადგილი ჰქონდა თვითნებურ ძალადობას, რაც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემადგენლობას ქმნის“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ამგვარად, სახალხო დამცველმა, საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის მიმართ გაცემულ წინადადებაში მიუთითა, რომ ხსენებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდის სწორად კვალიფიკაციისათვის, მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი და კვალიფიკაცია მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და შეესაბამება კონვენციის მე-3 მუხლის ირგვლივ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას.
„წინადადების შედეგად, პროკურატურამ ი. წ. საქმეზე დაზარალებულად ცნო, მაგრამ საქმის კვალიფიკაცია არ შეცვალა, და მიუთითა, რომ „ამ ეტაპზე არ არსებობს კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროება“, – ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.
ამასთან ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგადად, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, აგრეთვე გამოძიების არსებით სირთულეებთანაა დაკავშირებული, პირველ რიგში, იმის გამო, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირები, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურად არაიდენტიფიცირებადნი არიან სამსახურებრივი ფორმის (მათ შორის, ნიღბის), აგრეთვე, მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არარსებობის პირობებში.
„თუმცა, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ისეთ შემთხვევაში, როდესაც არასათანადო მოპყრობა არაერთ ვიდეოკადრშია აღბეჭდილი, სავარაუდო დამნაშავე კი ფიზიკურად იდენტიფიცირებადია, გამოძიებას ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება, მიიღოს ყველა გონივრული ზომა პასუხისმგებლობის გამოსაკვეთად, მსხვერპლის უფლებების აღსადგენად, საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად და ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ თანამშრომლებში სავარაუდოდ არსებული ან პოტენციურად გავრცელებადი დაუსჯელობის გარანტიის აღმოსაფხვრელად.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ ვითარებაშიც კი, როდესაც ხალხმრავალ ადგილას, მრავალი მოწმისა და ვიდეოკამერების თანდასწრებით ჩადენილ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს არ ახლავს შემხვედრი მყისიერი ზომები და საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო გამოძიებას შედეგად არ მოჰყვება პასუხისმგებელი პირების გამოვლენა, არა მხოლოდ განსაკუთრებულად საზიანო გავლენას ახდენს საგამოძიებო ორგანოს მიმართ საზოგადოებრივ ნდობაზე, არამედ, დამატებით აძლიერებს კიდეც ძალოვანი სტრუქტურების რიგებში დაუსჯელობის რწმენას და თვითნებობისა და მომავალი უკანონო ქმედებებისათვის მეტ შესაძლებლობას იძლევა“, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
