„ლელო-ძლიერი საქართველო“ – არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა გრძელდება და როგორც ჩანს, განსაკუთრებული სამიზნე ვართ, რადგან დღეს კოალიციის ერთდროულად სამი წარმომადგენელი დააკავეს

არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა გრძელდება და როგორც ჩანს, “ლელო – ძლიერი საქართველო“ განსაკუთრებული სამიზნეა, რადგან დღეს ჩვენი კოალიციის ერთდროულად სამი წარმომადგენელი – კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ლევან ჯორბენაძე, გენერალური მდივნის მოადგილე, ოთარ ფარულავა და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ბექა ბერიძიშვილი დააკავეს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერ საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, ყოველ ჯერზე, როდესაც ხელისუფლება მათ შევიწროებას, პოლიტიკურ დევნასა და დაშინებას შეეცდება, ამას მხოლოდ ბრძოლის გაძლიერებითა და შეტევით უპასუხებენ.
„ჩვენ, “ლელო-ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური გუნდი ვაცხადებთ, რომ ვერანაირი მსგავსი ქმედება, ვერ აგვაღებინებს ხელს იმ პოლიტიკურ ბრძოლაზე, რომელიც გამოცხადებული გვაქვს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც შესულია ჩიხში, მოქცეულია სრულ იზოლაციაში და უკვე შიდა კლანური დაპირისპირების მწვავე ფაზაშია, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ დღეს დაშინებით, ძალადობით და დევნით შეაჩერებს ქართველი ხალხის წინააღმდეგობას.
როდესაც დააპატიმრეს და ბადრი ჯაფარიძე, ჩვენ ვთქვით, რომ ვერაფერი შეგვაშინებს, ვერაფერი აგვაღებინებს ხელს ამ ბრძოლაზე და დღესაც იგივე გზავნილი გვაქვს, როგორც ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის, ასევე ჩვენი თანაპარტიელებისა და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელიც აგრძელებს ბრძოლას თავისუფალი ქვეყნისთვის, სადაც ვეღარავინ გათელავს ფეხქვეშ ჩვენს უფლებებს.
ეს ბრძოლა არ შეჩერდება არცერთი წუთით და ყოველ ჯერზე, როდესაც გამალებული ძალით ხელისუფლება შეეცდება ჩვენს შევიწროებას, პოლიტიკურ დევნასა და დაშინებას, ჩვენ ამას ვუპასუხებთ მხოლოდ ბრძოლის გაძლიერებით და შეტევით რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ!
ჩვენ დავასრულებთ ამ ქვეყანაში რუსული ხელისუფლების თარეშს და იმ უსამართლობას, რომელიც შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს!“ – ნათქვამია განცხადებაში.