„ლელო“ – უკანასკნელი წლების განმავლობაში კულტურის სამინისტროს გასამხედროებულმა და გაუმჭვირვალე მართვამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და სახელოვნებო სფეროს

უკანასკნელი წლების განმავლობაში კულტურის სამინისტროს გასამხედროებულმა და გაუმჭვირვალე მართვამ, საზოგადოებისა და პროფესიული წრეებისთვის საჯარო ინფორმაციის დამალვის მახინჯმა პრაქტიკამ საკმაოდ დიდი და ხშირ შემთხვევაში, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და სახელოვნებო სფეროს, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ლელო“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრებზეც ვრცელდება, რომელთა წინაშე კულტურის სამინისტროს ანგარიშვალდებულებას კანონი უზრუნველყოფს.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ თანამედროვე ფერწერის ფონდში ჩავიდა წყალი, რამაც ათეულობით ფერწერული ტილოს დაზიანება გამოიწვია.
12 ივნისს „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა სადეპუტატო კითხვით მიმართა კულტურის და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს, რომელშიც, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტროსგან ითხოვდა სავარაუდოდ დაზიანებული ექსპონატების სრულ სიას, დაზიანებული ექსპონატების პირველადი დათვალიერების დასკვნებს და შესაბამის ფოტომასალას. ასევე, სამინისტროს ეთხოვა დეტალური ინფორმაციის გადმოცემა ახლად რეაბილიტირებულ მუზეუმში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შესახებ, მათ შორის, განხორციელებული სამუშაოს ჩაბარების საფუძველზე ეროვნული მუზეუმის მიერ გაფორმებული დოკუმენტაცია და პასუხისმგებელი პირების ჩამონათვალი.
სამწუხაროდ, კულტურის სამინისტრომ არ უპასუხა საქართველოს პარლამენტის წევრის წერილს, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლი.
სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულების უგულებელყოფა მუზეუმში არსებული მძიმე ვითარების კვალის დაფარვაზე და ეროვნული საგანძურის – თანამედროვე ფერწერული ნამუშევრების – დაზიანების უტყუარობაზე მიანიშნებს. ხელოვნების მუზეუმში დაცული ეროვნული საგანძური საფრთხის წინაშეა და სრული პასუხისმგებლობა მუზეუმში დაცულ ფონდზე ეკისრება არა მხოლოდ კულტურის სამინისტროს, არამედ მთავრობას და პარლამენტს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის და მის წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ თავისი გულგრილი დამოკიდებულებით ახალისებს ეროვნული საგანძურის განადგურებას“, – ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას