ლელო – ძლიერი საქართველო პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, საკონსტიტუციოს შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
განცხადება:
“პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა, „ოცნების“ რეჟიმის მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, რომელიც ქვეყანას საბოლოოდ აბრუნებს საბჭოთა წარსულში, ივანიშვილის “რუსულ ოცნებას” ასრულებს და ამყარებს დიქტატურას.
ჩვენ, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტიციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რადგან მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ქმედება, პირველ რიგში ლახავს, ევროკონვენციით განსაზღვრულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
განსაკუთრებით აბსურდული და ანტიდემოკრატიულია კანონპროექტი, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის, პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლს და საერთაშორისო ნორმებს.
პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან (გაერთიანების თავისუფლება), რომლის მიხედვით, ისევე როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით, ეუთოს წევრ სახემწიფოებს აკისრიათ ვალდებულებას დაიცვან ინდივიდების უფლება – თავისუფლად შექმნან და შეუერთდნენ პოლიტიკურ პარტიებს.
პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის უფლება ასევე პირდაპირ არის აღიარებული კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პუნქტით.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და გამორიცხავს მიმდინარე კანონმდებლობით მის გაფართოვებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება აუკრძალოს მოქალაქეს პოლიტიკური საქმიანობა!
ზემოთ აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების მიღება საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურული რეჟიმის გამყარებიაა.
„ძლიერი საქართველო-ლელო“-ს გზა ყოველთვის იყო რეჟიმთან ბრძოლა, წარსულშიც და ახლაც. ჩვენ, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ პოლიტიკური გუნდი ვაცხადებთ, რომ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში ვიქნებით ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ფორმით და ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე, რეჟიმის დამარცხებამდე!”
16 ოქტომბერს ქართული ოცნების პარლამენტმა პარტიების ამკრძალავ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი და დაამტკიცა.
ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის დამატებითი საფუძველი ენიჭება. კერძოდ, სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომელიც უკვე აკრძალული პარტიის იდენტურია – მათ შორის გაცხადებული მიზნებით, საქმიანობის არსითა და პერსონალური შემადგენლობით.
ცვლილებები შეეხება ორ კანონმდებლობას – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებს. პარტიის აკრძალვა შესაძლებელია, თუ ის ემუქრება კონსტიტუციურ წესრიგს, დამოუკიდებლობას, ან აწარმოებს ძალადობის პროპაგანდას.
ახალი ცვლილებების მიხედვით, სასამართლო ვალდებული იქნება გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს 9 თვეში მიიღოს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეში.




