„ლელოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კანდიდატურას ხსნის

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ასეფ ჩირაგოვი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ საკუთარ კანდიდატურას ხსნის. გადაწყვეტილების მიღების შესახებ დაწერილ პოსტში მან აღნიშნა, რომ „დარწმუნდა“, რომ მისი „რესურსისა“ და „გულწრფელი სურვილის“ პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდნენ.
„სამწუხაროდ, ძალიან მალე დავრწმუნდი, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, ჩემი რესურსი და გულწრფელი სურვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, ინსტრუმენტად გამოიყენონ. მეორე მხრივ, დავრწმუნდი, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ბატონი ზამურ ჭითანავა, გამარჯვების შემდეგ მართლაც იზრუნებს ბოლნისის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე“, – აცხადებს მერობის ყოფილი კანდიდატი.
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ბოლნისში ზამურ ჭითანავაა. ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ბოლნისში, ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ მერის მოვალეობის შემსრულებელი კანდიდატად არ დაასახელა.
ასეფ ჩირაგოვის ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ბოლნისში კონკურენტი არ ეყოლება.