“მინდა გამოვეხმაურო პრემიერს რომ უწოდებენ, იმის ძალიან სახიფათო განცხადებას. ზედმიწევნით ზუსტად შეუთვისებია მისი ” მომძღვნელისგან” “პატარა ქვეყნის” კონცეფცია და ახლა გვამცნო, რომ ჩვენ დიდი ამბიციები არ შეიძლება გვქონდეს თურმე. ჰა, ჰა, სპორტში წარმატებებზე შეიძლება ვიოცნებოთ მხოლოდ. თურმე ფარსმან ქველის, ქუჯის, პეტრე იბერის, აღმაშენებლის, მთაწმინდელების, ვაჟა ფშაველას, ივანე ბერიტაშვილის, მუსხელიშვილის, გიორგი წერეთლის და უსასრულოა ეს სია საქართვრლოს ისტორიის მსგავსად, მემკვიდრეებს არაფრის შექმნა შეგვიძლია და უნდა ვილოცოთ, რომ კუნთებმა არ გვიმტყუნოს და კოლექტიური ლაშა ტალახაძე და კახი კალაძე უნდა იქცეს ჩვენი გამარჯვებების მწვერვალად. ამაზე მეტად ერის წარსულის და მომავლის დაკნინება არავის უკადრია. თვით ბოლშევიკებმაც ვერ გაბედეს ამის ხმამაღლა თქმა, თუმცა, საქმით ამას ემსახურებოდნენ. ლენინის და ორჯონიკიძის ძეგლებით და ბიუსტებით ” მორთულ” ქვეყანაში რუსთაველს, ილიას, აკაკის, აღმაშენებელსაც კი ძეგლი დაუდგეს, და ისტორია საბჭოთა კავშირიდან არ აუთვლიათ. როგორ უნდა გძულდეს ქვეყანა, როგორი ვალდებული უნდა იყო მტრის მიმართ, რომ ამის პირიდან ამოშვება შეძლო?! სწორედ ამიტომ დგას დღეს საქართველოში სუდარა გადაფარებული გელათი, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სულიერების სიმბოლო. არა, ამხანაგო კობახიძე, საქართველო დიდი ქვეყანაა, ძალიან დიდი, რადგან ქვეყნის სიდიდე არც კვადრატული მეტრებით იზომება და არც მოსახლეობის რაოდენობით, რასაც ასე გულმოდგინედ ამცირებთ თქვენი ზეობის პირობებში. ქვეყნის სიდიდეს მისი ისტორია, კულტურა და განათლება განსაზღვრავს და აქ საქართველოს თქვენი დედა რუსეთი ძალიან ჩამორჩება და ვერც ვერასდროს გაუთანაბრდება. საქრთველოს დიდი ომებიც მოუგია , დიდგორში გამარჯვებული ქვეყანაა, რომლის დღესასწაულად გამოცხადება თქვენ არ მოინდომეთ, არა იმიტომ , რომ თურქებს არ წყენოდათ, – არა, საქართველოს გამარჯვების გემო რომ არ გაღვიძებოდა. სამაგიეროდ, თემურ ლანგის ძეგლს თაყვანი ეცით, ქედი მოუხარეთ სხვის გამარჯვებას და მეხსიერებიდან ამოაგდეთ, რომ ეგ თქვენი აზიის ლომი 8 ჯერ კუდამოძუებული გაიქცა “პატარა” საქართველოდან, რომელსაც დიდი ომების ” მოგება არ შეუძლია” საქართველოს უბედურება არც მის მცირერიცხოვნებაშია და არც ტერიტორიულ სიმცირეში. მისი ამჟამინდელი პრობლემა ის არის, რომ დიდი ისტორიის, კულტურისა და განათლების ქვეყანას პატარა კაცები დაეპატრონენ, რომლებმაც კაცობის საზომად დიდი ჯიპები, სასახლეები და საბანკო ანგარიშები გამოაცხადეს. ვერ მოესწრებით პატარა და დააჩიავებულ საქართველოს! პატარა კაცებს დიდი რუსეთში გექნებათ ადგილი, რადგან თქვენთვის ქვეყნის სიდიდე კვადრატული მეტრებით იზომება და საკუთარი ქვეყნის სიდიდის დასანახი თვალიც დავსებული გაქვთ, გულიც დიდი ხანის გაქვავებული და სისხლიც გაწყალებული,” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა.
ცნობისათვის, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და შესაბამისად, დიდ ომებს ჩვენ ვერ მოვიგებთ. არც გვინდა ჩავერთოთ, არც დიდ და არც პატარა ომებში. ასეთ ვითარებაში, მთავარი ასპარეზი, სადაც ქართველმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს ქართული დროშა და გააჟღეროს ქართული ჰიმნი არის სწორედ სპორტი – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.