ლელა ჯეჯელავა – ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია და სხვებიც გამზადებულები არიან, მაგრამ პროტესტი ციხეში არავისთვის გაგვიტანებია – უნდა გაჩნდნენ ახალი ადამიანები, რომელთაც პასუხისმგებლობის თავზე აღების უნარი აღმოაჩნდებათ

პროტესტი ციხეში არც გვარამიასთვის გაგვიტანებია, არც ვაშაძისთვის და არც ხაზარაძისთვის, პროტესტი თითოეულ ჩვენგანთან დარჩა და ბუნებრივია, მას ნებისმიერ დროს მიეცემა გასაქანი, როდესაც ჩვენ შევთანხმდებით და ვიპოვით სწორ გზას, გვექნება სწორი სტრატეგია და ტაქტიკა , – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ლელა ჯეჯელავას განცხადებით, რადგან ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, უნდა გაჩნდნენ ახალი ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი აღმოაჩნდებათ.
„ახლა ჩვენ იმ პროცესში ვართ, რომ ხელისუფლება მთლიანად სპობს იმის კვალს, რა შედეგებიც ჩვენ 2003 წელს მივიღეთ. სამწუხაროდ, ყველა პოლიტიკური ლიდერი არის ციხეში და როგორც ჩანს, სხვებიც გამზადებულები არიან ციხეში წასასვლელად. მე თითოეულ მათგანს ვუცხადებ ძალიან დიდ სოლიდარობას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე და იმ ადამიანებს, რომლებიც ასი ათასობით ვიდექით ქუჩაში, პროტესტი ციხეში არც გვარამიასთვის გაგვიტანებია, არც ვაშაძისთვის და არც ხაზარაძისთვის, პროტესტი თითოეულ ჩვენგანთან დარჩა და ბუნებრივია მას ნებისმიერ დროს მიეცემა გასაქანი, როდესაც ჩვენ შევთანხმდებით და ვიპოვით სწორ გზას, გვექნება სწორი სტრატეგია და სწორი ტაქტიკა.
რადგან ასე მოხდა და მოცემულობა ეს გვაქვს, რომ ახლა ლიდერები არ არიან, ისინი კარგა ხანია უკვე აღარ იყვნენ წინა ფლანგზე, უნდა გაჩნდნენ ახალი ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი აღმოაჩნდებათ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
ლელა ჯეჯელავას განცხადებით, პარლამენტში კანონები როგორც არ უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ, ფიზიკის კანონებს მაინც ვერ შეცვლის და ხალხში დაგროვილი აგრესია და ენერგია არ დაიკარგება.
„ჰგონიათ, რომ პარლამენტის კანონებს როგორც ცვლიან, ფიზიკის კანონებსაც ეგრე შეცვლიან, მაგრამ ვერ შეცვლიან, გამორიცხულია, არც ხალხში დაგროვილი აგრესია არ წავა არსად, უკვალოდ არ დაიკარგება და არც მათ მიერ ჩადენილი უსამართლობა დაიკარგება უკვალოდ.
რაც შეეხება ქალბატონი წულუკიანის კომისიას, სიცოცხლეში თუ მომიწევდა საზვერეების გავლა ნამდვილად არ მეგონა, მეგონა, იმ ქვეყნად რომ წავიდოდით მერე იქნებოდა. ვინ დააყენა მეზვერედ , რომ იმაზე იყოს დამოკიდებული ციხეში უნდა მოვხვდეთ, თუ სად უნდა წავიდეთ, სად არის ჩვენი ადგილი. მინდა, ვკითხო ბიძინა ივანიშვილს, რატომ გადაწყვიტა, რომ თეა წულუკიანი დაენიშნა ჩვენთვის მეზვერედ“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი რობინ დანიგანის განცხადებაზე – ჩვენს ორს შორის ვადამდე ვინ გადადგა, მგონი, ყველა ხედავს – გადამდგარი ელჩის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთება ჩვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს

შალვა პაპუაშვილი – არის მცდელობა, ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში და რეალურად, იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს წარმოდგენილი