ლელა ჯეჯელავა: პირველად მაშინ გადავაწყდი სოლიდარობის როგორი მყარი კოდექსი მუშაობს თურმე ამ სოციუმში. ამიტომ გამიკვირდა ბიჭების წერილი, რომელთა მიმართ სოლიდარობა ახლა ყველას მოვალეობაა, როგორიც უნდა აღმოჩნდეს სიმართლე

“ჩემი შვილის პატიმრობის დროს ტაქსით მგზავრობისას მომიწია ტელეფონით საუბარმა ადვოკტთან და გარკვეულ დეტალებზე ხაზის გასმამ. მძღოლი დაინტერესდა და მკითხა, ვინ მყავდა პატიმარი. მოკლედ ავუხსენი. საუბარში ისიც გაირკვა, რომ წინა ხელისუფლების დაუძინებელი ოპონენტი იყო, რადგან იმ დროს მოუწია ხანგრძლივად ციხეში ჯდომამ. პოლიტიკურ გემოვნებაზე ჩვენი შეთანხმება წარმოუდგენელი იყო, არც მიცდია. დანიშნულების ადგილას რომ მიმიყვანა და ფული გავუწოდე, საკმაოდ კატეგორიულად იუარა, პატიმრის დედას მე ფულს არ გამოვართმევ, ეს არ მოსულაო. პირველად მაშინ გადავაწყდი სოლიდარობის როგორი მყარი კოდექსი მუშაობს თურმე ამ სოციუმში. ამიტომ გამიკვირდა ბიჭების წერილი, რომელთა მიმართ სოლიდარობა ახლა ყველას მოვალეობაა, როგორიც უნდა აღმოჩნდეს სიმართლე. შეცდომას შეცდომით არ უნდა გაეცეს პასუხი და მიმაჩნია, რომ ეს თემა უნდა საერთოდ დავხუროთ ბიჭების გათავისუფლებამდე. ცხოვრებამ ეს გამოცდილებაც შემძინა, რომ პატიმართა მიმართ ბრალეულობის მიუხედავად არსებობს ქრისტიანული ეთიკაც და დაუწერელი მორალური კოდექსიც , რომელიც უნდა დაიცვა, თუ ციხის სოციუმთან შეხება გიწევს. გაცილებით დიდი ამოცანები გვაქვს ახლა გადასაწყვეტი, რომელთაც არ ეღალატებთ. არც იმ ბიჭების ადგილია ივანიშვილის ციხეში და არც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის . ამაზე მეტ სიმართლეს ახლა მაინც ვერ დავადგენთ. ასეთი თემებით პოლიტიკური მანიპულაციები კი უზნეობაა და საბოლოოდ გაურკვეველი მაინც არაფერი დარჩება,” – წერს სოციალურ ქსელში თეოლოგი ლელა ჯეჯელავა.