მარკო რუბიოს ზარი მარტივი რომ არ იყო, ძალიან ცხადად ჩანდა – პირველი ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, წარმოგიდგენიათ ზარი გადატვირთვასთან რომ ყოფილიყო დაკავშირებული, ვინ დაასწრებდა კობახიძის მთავრობას განცხადების გაკეთებას? – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
ჯეჯელავამ ისაუბრა საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესზე და განაცხადა, რომ ბუნებრივია კავკასია, მათ შორის საქართველო არის ამერიკის ინტერესების ზონა.
ჯეჯელავას შეფასებით, აშშ-ის მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით იმ მარშრუტით გახდა ცხადი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელმა, პიტერ ანდრეოლიმ ქვეყანაში ვიზიტისთანავე გაიარა.
“მარკო რუბიოს ზარის განხილვა უნდა დავიწყოთ ზარამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში მყოფი სახელმწიფო დეპარტამენტის საკმაოდ მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტით, რაც თუ კარგად გავაანალიზებთ, ძალიან საინტერესო იყ – რა მარშრუტი გაიარა, ვის შეხვდა, რასაც მოჰყვა უკვე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ზარი.
ის [აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი] ჩავიდა ფოთში, ანაკლიაში, იყო საოკუპაციო ზოლთან, შეხვდა ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ბუნებრივია, ვიზიტის შედეგად გააკეთა დასკვნები. თუნდაც ამ მარშრუტში ჩანს მისი ვიზიტის მიზნები და რა განაცხადიც იყო შეერთებული შტატებისაგან.
ჩვენთვის ეს უცხო არ არის, რომ საქართველო, ისევე როგორც კავკასიის დანარჩენი ორი ქვეყანა, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, არის ამერიკის სტრატეგიული ინტერესების ზონა. კავკასიის ორ ქვეყანასთან თითქმის ყველაფერი უკვე გარკვეულია, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ტრამპის მარშრუტზე და, ბუნებრივია, ამას უნდა მოჰყვეს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესების ლოგიკიდან გამომდინარე, ანაკლია-ფოთის ხაზი.
მარკო რუბიოს ზარი რომ არ იყო მარტივი, ჩანდა ძალიან ცხადად – პირველი ინფორმაცია გამოაქვეყნა სახელმწიფო დეპარტამენტმა. თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს ზარი გადატვირთვასთან რომ ყოფილიყო დაკავშირებული, ვინ დაასწრებდა კობახიძის მთავრობას განცხადების გაკეთებას? ქართული მხარის განცხადება საკმაოდ გვიან დაიდო, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურად დაიწყო დისკუსია იმაზე, თუ რატომ დუმს საქართველოს მთავრობა. ქართული მხარის ტექსტი საკმაოდ აცდენილი იყო იმ ტექსტს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა”, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
ანალიტიკოსმა საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის ბოლო ორ დღეში გამოქვეყნებული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ელჩის ქცევას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ახსნა, როდესაც საქართველო მის ქვეყანასთან ვალშია.
ჯეჯელავას აზრით, საქართველოს ხელისუფლებას ირანთან დიდი ვალდებულებები აკისრია.
“მე ირანის ბევრ ელჩთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ამ ტიპის “თავისუფლება” არავის მიუცია საკუთარ თავისთვის, რასაც ეს ბატონი ახლა აკეთებს. მისი განცხადება იყო პირდაპირი თითის ქნევა, რაც წარმოუდგენელია დიპლომატისაგან, მაგრამ ჩნდება კითხვა – მაშინ, როცა საზოგადოებამ (რუბიოსა და კობახიძის სატელეფონო საუბარზე) არაფერი ვიცოდით ძალიან მოკლე შინაარსის გარდა, რომ საუბარი ეხებოდა კავკასიის რეგიონისა და უსაფრთხოების საკითხებს, საიდან გააკეთა ელჩმა ეს დასკვნები და რის საფუძველზე დაემუქრა ჩვენს ქვეყანას? ინფორმაცია ჟონავს? ხომ შეუძლებელია მათი საუბრის ინფორმაციამ გაჟონოს, ანუ რას დაეყრდნო ელჩი, როდესაც არასაჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ასეთი დასკვნები გააკეთა?
პრინციპში, რაც უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, ეს იყო ის, რომ მისთვის პასუხი უნდა მოეთხოვა, ნამდვილად დაებარებინა სამინისტროში, მაგრამ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. ის სრულიად აბსურდული არგუმენტი, რომ ელჩი საქართველოს არ გულისხმობდაო, აბა რას გულისხმობდა, ბურკინა-ფასოზე საუბრობდა?
გაჩნდა ეჭვი იმის, რომ ხელისუფლებამ გაასაჯაროვა თავად ირანის ელჩთან ამ (რუბიოს და კობახიძის) საუბრის შინაარსი და რეალურად, ამ ფორმით უპასუხა ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ესეც არ არის გამორიცხული.
ძალიან მაინტერესებს და მიკვირს, ელჩმა როგორ იკადრა და მივიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და პირდაპირ მაკა ბოჭორიშვილი არ დაიბარა საელჩოში. ესეც რომ ექნა, უკვე არ გამიკვირდებოდა. სანამ დაგვემუქრებოდა, ჯერ გაეანალიზებინა და მერე გაეკეთებინა ის განცხადება.
ასე ელჩი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება მოიქცეს – როდესაც ხელისუფლება ზედმეტად არის დავალებული და როდესაც ხელისუფლებას ამ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელსაც ეს ელჩი წარმოადგენს, ისეთი რაღაცები აქვს, რისი გასაჯაროებაც მისთვის არ არის სასარგებლო და ამიტომ, იძულებულია, თავი დაუხაროს ელჩს. რაღაც ძალიან დიდი ვალდებულებებში უნდა იყოს ხელისუფლება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
მან ასევე შეაფასა მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, დეპუტატ იგორ დოდონის საქართველოში ვიზიტი და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პარლამენტში “ქართული ოცნების” ის წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებიც კომუნისტურ პარტიას არ მოსწრებიან.
„ქართული ოცნება“ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას რომ აფორმებს კომუნისტურ ჩინეთთან, იქვე ამბობს, ღირებულებები გვაქვს საერთოო. ამის ფონზე მოლდოველი დოდონი და კომუნისტები რომ ჩამოიყვანა, ეს სულ არ მიკვირს. მე მაქვს სურვილი, რადგან დოდონი გვყავდა, ახლა მოვიწვიოთ პლახოტნიუკი გამოცდილების გაზიარების მიზნით, როგორ უნდა გავუყენოთ პლახოტნიუკის გზას ჩვენი საკუთარი ოლიგარქი.
ეს მაინც ისე დამთავრდება, როგორც დამთავრდა დოდონის ქვეყანაში ყველაფერი, ამაში მე ეჭვი არ მეპარება. ამ დოდონს ფრიდონ ინჯია რომ შეხვედროდა, გავიგებდი, მაგრამ ეს ახალგაზრდა ხალხი, ეს ქალბატონი მარიამ ლაშხი, რომელიც მგონი კომუნისტურ პარტიას საერთოდ არ მოსწრებია, ცოტა უხერხული არ არის, რომ ასეთ ტაკიმასხარაობაში მონაწილეობენ?“ – აღნიშნა ლელა ჯეჯელავამ.




