ლელა ჯეჯელავა – მგონი, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დარჩა წინააღმდეგობის პლატფორმაზე და როგორ უნდა აღადგინოს წინააღმდეგობა? ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ? – ან დადებს კონკრეტულ გეგმას, ან სტრატეგიული გაუგებრობა საპროტესტო განწყობას აზიანებს

„ქართულ ოცნებაში“ ძალიან კარგად იციან, რომ მოუწევთ დალაპარაკება ევროპასთანაც, შეერთებულ შტატებთანაც – ეს დაგროვილი მძევლების რაოდენობა და მაღალი სასჯელები მათთვის არის ის, რომ მეტი ჰქონდეთ სავაჭროდ, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილ სასჯელში მოულოდნელი არაფერი ყოფილა და ძალიან ცხადად გამოსჭვივის, რომ საკმაოდ მკაცრი სასჯელები დადგება ყველას მიმართ, ვინც ახლა განსასჯელის სკამზე ზის.
„სისხლის სამართლის საქმისთვის, 21 წლამდე ადამიანი არასრულწლოვანად ითვლება და პრინციპში, მათ გაასამართლეს არასრულწლოვანი და წიხლის დარტყმისთვის 4 წელ-ნახევარი მიუსაჯეს. არასრულწლოვანს რომ უშვებ ციხეში, პრაქტიკულად, 5 წლით, ნიშნავს იმას, რომ შენ არც მისი ბედი გაწუხებს, არც მისი მომავალი გაღელვებს და უბრალოდ, ეს არის საჩვენებელი ყველასთვის, რომ ვინც გაბედავს და ხელისუფლების წინააღმდეგ წავა, ასე დაისჯება. მთავარი აქ ისაა, რომ საბა ჯიქიამაც, მათე დევიძემაც, მართლა არაჩვეულებრივმა ბიჭებმა, წყვდიადში სინათლის საძებნელად წასულმა ბიჭებმა, რეალურად, თავისი უდრეკობით, გაუტეხელობით, საოცარი ღიმილით ხელისუფლებას იქეთ გამოუტანეს განაჩენი,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.
მან გადაცემაში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ხელისუფლებას ძალიანაც აწუხებს მის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულება და ის, რომ მათი ლეგიტიმაციის საკითხი ჰაერშია ჩამოკიდებული“.
ჯეჯელავას განცხადებით, აღნიშნული რეზოლუცია ნიშნავს იმას, რომ ევროპას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ თავისი პოზიცია ძალიან მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული.
„ხელისუფლებას ძალიანაც აწუხებს, რაც ხდება. აწუხებს მის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულება, აწუხებს ის, რომ მათი ლეგიტიმაციის საკითხი არის ჰაერში ჩამოკიდებული, სხვათა შორის, შიგნითაც და გარეთაც. ის, თუ როგორ პოზიციონირებ ერთია, მაგრამ სინამდვილეში, გვაქვს შესაძლებლობა, მისი ქმედებებიდან გავაკეთოთ დასკვნები. როდესაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომელიმე საერთაშორისო აქტორთან ფოტოს გადაღებაც კი და იმის წარმოჩენა, რომ „აი, ჩვენ კიდევ ვიღაცა შეგვხვდა და ხელი ჩამოგვართვა“, იმაზე მეტყველებს, რომ აწუხებთ. შეუძლებელია, რომ არც აწუხებდეთ, იმიტომ, რომ საქართველოსნაირ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება საერთაშორისო იზოლაციაში ყოფნა.
რასაკვირველია, ამ ტიპის ხისტი რეზოლუციები არ არის ჩვეულებრივი ევროკავშირისთვის. თქვენ იცით, რომ ევროპაში საკმაოდ სერიოზული ბიუროკრატია მუშაობს და ამიტომ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი არ არის მარტივი, მაგრამ ის, რომ 490-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა იმას, რაც ჩვენ ტექსტში წავიკითხეთ, ნიშნავს იმას, რომ ევროპას ძალიან მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მძევლების რაოდენობას და მაღალ სასჯელებს – ეს სწორედ იმისთვისაა, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ მოუწევთ დალაპარაკება ევროპასთანაც, შეერთებულ შტატებთანაც. თუ როდის, ეს დამოკიდებული იქნება შიგნით განვითარებულ პროცესებზე. ეს დაგროვილი მძევლების რაოდენობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის არის ის, რომ მეტი ჰქონდეს სავაჭროდ. ასე ფიქრობს და უყურებს ივანიშვილი. ამ ტიპის დამოკიდებულება ძალიან დამახასიათებელია მაფიოზური მატრიცისთვის…
გასაგებია, რომ სანქციებს რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება, მათ შორის, პუტინის მოკავშირე ქვეყნები, ვინც არიან ევროპაში დასაყრდენები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპის ცალკეული ქვეყნები გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არ წავლენ ინდივიდუალურად დასანქცირებაზე. წააგავს, რომ აქეთ მიდის საქმე. რაც შეეხება SWIFT-იდან გათიშვას – ეს ალბათ, არის უკიდურესი ზომა, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ეს იქნება კატასტროფული. სიმართლე გითხრათ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ალბათ, მიზანშეწონილია ამ ხელისუფლებაზე წნეხისთვის, მაგრამ წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, რამდენი ადამიანი მოყვება ამ წნეხის ქვეშ, მე პირადად ძალიან მაწუხებს. თუმცა, მე მაინც არ მგონია, რომ SWIFT-ი გაითიშოს,“ – აღნიშნა მან.
რაც შეეხება რეზოლუციაში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერს, როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, „ევროკავშირის რეზოლუცია „ლელოსთვის“ და გახარიასთვის იყო პირდაპირ ღვთის საჩუქარი, რომ მათ აბსოლუტურად უმტკივნეულოდ, თავისი პოზიციიდან უკან დაეხიათ“.
„ხომ ყველანი ვართ იმაზე შეთანხმებული, რომ ამ პროტესტის სინდისს ნამდვილად წარმოადგენენ ჩვენი სინდისის პატიმრები და ვიცით მათი პოზიცია როგორია არჩევნებთან დაკავშირებით. ვიცით, როგორია სინდისის პატიმრების მშობლების და ოჯახის წევრების პოზიცია. ვიცით იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც უწყვეტად დგანან რუსთაველის გამზირზე და ისინი არ ემხრობიან არჩევნებს. ვიცით ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია. მე მაინტერესებს, ამის მერე გახარიასა და „ლელოს“ წარმომადგენლები როდესაც არ ცვლიან პოზიციას, პროტესტის რომელ ნაწილს, ან ჩვენი საზოგადოების რომელ ნაწილს წარმომადგენენ?! მათ ძალიან გაუჭირდებათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ ვის წარმოადგენენ ისინი. მე არ მაქვს კითხვაზე პასუხი, რა ტიპის ამომრჩეველს მიიმხრობენ ისინი. ვისაც ეს რეალობა მოსწონს, ის წავა და „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას. ე.წ. შუაშისტები, რომელზეც ნადირობს ორივე პარტია, წაგებულ ბრძოლაში არ წავლენ. ისინი „შუაშისტები“ იმიტომ არიან რომ საითკენაც ძალას ნახავენ, იქეთ გადაიხრებიან,“ – აღნიშნა ანალიტიკოსმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში გეგმებთან დაკავშირებით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მივდივართ ქარტიამდე არც მაშინ წარმოუდგენია და არც ახლა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი არასდროს არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას შედეგამდე მისასვლელად.
რაც შეეხება ერთობას, ჯეჯელავა ამბობს, რომ „ყველას უნდა ერთობა მხოლოდ საკუთარი თავის გარშემო და ეგრე არ გამოვა“.
„არა მგონია, რომ მკვდრის აღდგენა ასე მარტივი საქმე იყოს. როდესაც თავის დროზე ქარტია გამოცხადდა, ჩემთვის მაშინვე გარკვეულწილად კითხვის ნიშნებს შეიცავდა. ეს იყო დოკუმენტი, რომელიც გამარჯვების შემდეგ იყო შესასრულებელი და გამარჯვებამდე როგორ მივიდოდით, არაფერი იყო ნათქვამი. რაც შეეხება წინააღმდეგობის პლატფორმას – მე მგონი, მხოლოდ ქალბატონი პრეზიდენტი დარჩა იმ წინააღმდეგობის პლატფორმაზე და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, თუ არ ვცდები, იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიები, „ფედერალისტებიც“ კი არიან იმ 8 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომლებიც ბოიკოტის მომხრეები არიან. როგორ უნდა აღადგინოს ეს წინააღმდეგობა ქალბატონმა პრეზიდენტმა, ძალიან მაინტერესებს. ის არასდროს არაფერს ამბობს იმის შესახებ, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას შედეგამდე მისასვლელად. ეს სტრატეგიული გაუგებრობა, რომელშიც, სხვათა შორის, ოპოზიციურ სპექტრს უწევს ყოფნა, საერთო საპროტესტო განწყობასაც აზიანებს. ახლა 7 თვის მერე გვითხრა, „გილოცავთ, რომ 7 თვე პროტესტზე დგახართო“ და მე ძალიან არ მინდა, რომ როგორც ამ პროტესტის ერთ-ერთ რიგით მონაწილს, 7 თვის მერე კიდევ მომილოს, „რა ყოჩაღები ხართ, რომ კიდევ ამდენი ხანი გაძელით და ცოცხლები ხართო“. ამიტომ ან დადებს კონკრეტულ გეგმას… ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ იმ ქარტიამდე, ეს კონკრეტული გეგმა არც მაშინ ყოფილა და არც ახლა უთქვამს პრეზიდენტს. რაც შეეხება ამ მითოსულ ერთობას, რომელზეც სულ ლაპარაკობს – ამ ერთობას აქვს თავისი ძალიან კონკრეტული გამოვლინება. ერთობა ნიშნავს პოზიციების შეჯერებას და კონსენსუსს. ყველას უნდა ერთობა მხოლოდ საკუთარი თავის გარშემო და ეგრე არ გამოვა,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს, არც ბოიკოტის. „მინდა, წარმოგიდგინოთ რეალისტური გეგმა, რომელიც მოითხოვს, მოვიდეთ გონს – წინააღმდეგობის პლატფორმა გაცოცხლდეს და ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა, გვჭირდება პროგრამა და გვაქვს – „ქართული ქარტია“, რომელსაც სჭირდება განახლება,“ -განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა