საქართველოს ხელისუფლება „ფეის კონტროლს“ ვერ გადის იმ პოლიტიკურ წრეებში, სადაც მსოფლიოს განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები წყდება და იხილება, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველო არ იღებს მონაწილეობას.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ არაა პრესტიჟული კლუბის წევრი.
„[არდაპატიჟება] „ქართული ოცნებისთვის“ არის ძალიან მკაფიო გზავნილი: „თქვენ არ ხართ ამ პრესტიჟული კლუბის წევრები, რომლებიც მსოფლიოს ეკონომიკისა და პოლიტიკის განვითარების ტენდენციებსა და პერსპექტივებს წყვეტენ“. საქართველოს ხელისუფლება „ფეის კონტროლს“ ვერ გადის იმ პოლიტიკურ წრეებში, სადაც მსოფლიოს განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები წყდება და იხილება“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ანალიტიკოსმა გლობალური პოლიტიკური საკითხებიც შეაჯამა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ განცხადებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, სადაც ის გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, 8 ქვეყნისთვის 10%-იან ტარიფების დაწესებას გეგმავს. როგორც ჯეჯელავამ განმარტა, „ეს არის ევროპის შეჯანჯღარების პოლიტიკა“.
„ჩვენ მოგვიწია ცხოვრება ძალიან საინტერესო ეპოქაში, როდესაც იცვლება მთლიანად ეპოქალური პარადიგმაც და შესაბამისად, მსოფლიოს წესრიგის არქიტექტურაც და ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. საერთაშორისო დღის წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, სრულიად სხვა ეპოქაში, როდესაც სრულიად სხვა მახასიათებლები იყო გლობალური ურთიერთობისთვის, ის ვერ იქნება რელევანტური ციფრული ეპოქისთვის, რომელსაც აბსოლუტურად სხვა პარამეტრები აქვს. ამიტომ ეს პროცესი არის საკმაოდ მტკივნეული და მათ შორის, ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის. იმიტომ, რომ ამ ტრანსატლანტიკური ალიანსის წინაშე ახლა სხვა ტიპის გამოწვევები დგას, რომელიც უბრალოდ ვეღარ უძლებს იმ თამაშის წესებსა და სტანდარტებს, რომელიც დაწესებული იყო ამ სივრცეში. ტრამპის პოლიტიკა, რომელიც ძალიან სპეციფიკურია და ხშირ შემთხვევაში, სტრატეგიული გაურკვევლობისა და ბუნდოვანების ეფექტი აქვს ხოლმე, საბოლოოდ არ განსაზღვრავს რეალურად ამერიკის პოლიტიკას, მაგრამ მეჩვენება, რომ ის მუდმივ მზაობაში ამყოფებს პარტნიორებსაც, ოპონენტებსაც. ძალიან ძნელია წინასწარ გათვალო, რას იტყვის ტრამპი და შემდეგ რა ქმედება მოჰყვება ამ სიტყვებს. ვიცით, რომ ამერიკაში ინსტიტუტები მუშაობს, ძალიან თვალსაჩინოდ გამოიკვეთა უკვე, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ძირითადი ბერკეტები მაინც მარკო რუბიოს ხელშია. ამიტომ ერთია ტრამპის რიტორიკა, მეორე რეალურად როგორ ლაგდება სიტუაცია.
მგონია, რომ შეერთებული შტატები მაქსიმალურად ცდილობს, რომ პარტნიორობის თვალსაზრისით ბევრად უფრო ძლიერი ევროპა მიიღოს, ვიდრე ის აქამდე არის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ევროპის შეჯანჯღარების პოლიტიკა. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ტრამპი რაღაც პრეტენზიებს უყენებს ევროპას, ეს მთლად უსაფუძვლო არაა. ჩინეთი არის ამერიკისთვის მთავარი ოპონენტი. აშშ ევროკავშირსა და ევროპას განიხილავდა ყოველთვის თავის ნომერ პირველ მოკავშირედ. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც აღმოჩნდება, რომ ევროკავშირი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს მთელ რიგ საკითხებში შეერთებული შტატების ოპონენტთან, ბუნებრივია, შეერთებული შტატები იცავს თავის სტრატეგიულ ინტერესებს და ცდილობს პარტნიორი ბოლომდე თავისკენ გადაქაჩოს.
რაც შეეხება გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის მიერ გახმოვანებულ პოზიციას, ეს არ არის ხუშტური, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესია უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. თანამშრომლობის ფორმის მოძებნა სრულიად შესაძლებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შეთანხმდებიან. უბრალოდ ახლა ყველა ცდილობს, საბანი თავისკენ მეტი გადაქაჩოს. ახლა საუბარია იმაზე წაგებული არ დარჩეს ორივე მხარე. აშშ-ის უსაფრთხოების ნიველირება ევროპისთვის არ არის მაინცდამაინც სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ლელა ჯეჯელავამ ისაუბრა, ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებებია. ჯეჯელავას თქმით, „ირანში ნაჩქარევად გატარებულმა რაიმე ზომამ, გაცილებით უფრო მძიმე შედეგები შეიძლება მოიტანოს თვითონ ირანელი ხალხისთვისაც, რეგიონისთვისაც და საერთაშორისო გეოპოლიტიკური კონიუნქტურისთვის“.
„ვერ ვიტყოდი, რომ ამერიკის დახმარება არ ჩანს. ირანის სისტემას როგორ მუშაობს შიგნით, თუ ვინმე იცნობს, მისთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, როგორი შეიძლება ყოფილიყო ეს დახმარება მყისიერი, რომელიც გზაშია. მარკო რუბიომაც ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა, რას გულისხმობს აშშ-ის დახმარება ირანელი ხალხისთვის. ეს არის ფსიქოლოგიური საინფორმაციო შეტევა, რომელიც რეალურად ხორციელდება ირანზე. მეორე ეს არის კიბერშეტევები და ქვეყნის შიგნით ელიტების დისპოზიციის საკითხი. ის ვითარება, რომელიც დღეს ირანშია დაწყებული ეკონომიკური, პოლიტიკური, რელიგიური, ეკოლოგიური, სოციალური კრიზისით, ყველა კრიზისი რაც კი შეიძლება სახელმწიფოში იყოს, ყველა გვაქვს სახეზე. მას არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ეს ადამიანების წინააღმდეგობა გადატეხოს. ირანში მიმდინარე პროცესები მთლიანად ცვლის რეგიონს. ცვლის საერთაშორისო დღის წესრიგს მთლიანად. ამიტომ ირანში ნაჩქარევად გატარებულმა რაიმე ზომამ, გაცილებით უფრო მძიმე შედეგები შეიძლება მოიტანოს თვითონ ირანელი ხალხისთვისაც, რეგიონისთვისაც და საერთაშორისო გეოპოლიტიკური კონიუნქტურისთვის“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
რაც შეეხება ირანში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებებს და საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკას იმის გამო, რომ ის ირანის ხელისუფლების ქმედებებს არ გმობს და არ ემიჯნება, ანალიტიკოსის თქმით, ამ კუთხით გამოთქმულ კრიტიკას მაინცდამაინც არ იზიარებს.
„რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ამ მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლების დაგმობას ირანის ხელისუფლების ქმედებებისას რეალური ძალაც არ აქვს. მაგრამ იმაში დადანაშაულება, რატომ მეტს არაფერს აკეთებენ, ჩემი აზრით, ეს არ არის ყველაზე სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯი ხელისუფლების წინააღმდეგ. რეალურად არაფერი შეუძლიათ. სიფრთხილე ირანის რეჟიმთან დაკავშირებით, საქართველოსთვის ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან ანგარიშგასაწევი და გასაგები“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.




