თორნიკე რიჟვაძის „მკვლელი“ არის ბიძინა ივანიშვილი და ის სისტემა, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა , – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს თავის გარემოცვაში „დაუსვრელი ჩინოვნიკები“ არ სჭირდებოდა.
“ქვეყანაში რაც ხდება, ამას რუსულად “ბეზპრიდელი” ჰქვია – ეს არის თავაშვებული უკანონობა, ეს არის სახელმწიფოს სრული ჩამოშლა და სახელმწიფოს ნაცვლად ჩვენ მივიღეთ წუმპე, სადაც ახლა ერთმანეთს აგორავებენ უკვე ის ადამიანები, რომელთა ძალისხმევითაც სახელმწიფოს ნაცვლად მივიღეთ გაურკვეველი წარმონაქმნი, ბიძინა ივანიშვილის კერძო კორპორაცია.
ის ვერსია, რომ თავი მოიკლა, თუ თვითმკვლელობამდე მივიდა, ჩემთვის არაფერს ცვლის. მადლობა ღმერთს, რომ თორნიკე რიჟვაძე გადარჩა, ახალგაზრდა კაცია და შეუძლებელია, 35 წლის კაცის სიცოცხლესთან დაკავშირებით არ გქონდეს ემპათია, მაგრამ თორნიკე რიჟვაძის მკვლელი არის ბიძინა ივანიშვილი და ის სისტემა, რომელიც შემქნა ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილის სელექციის მთავარი კრიტერიუმი იყო, ვის რისი დათმობა შეეძლო ფულისთვის და რაც უფრო მაღალი იყო ფულის გამო მსხვერპლის გაღების უნარი, მით უფრო წარმატებული იყო კარიერაში ადამიანი. მხოლოდ კომპრომატებით და მხოლოდ ფულისადმი გაგიჟებული სიყვარულით შეარჩია ეს ადამიანები.
გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილს არცერთ შემთხვევაში არ სჭირდებოდა გარემოცვაში დაუსვრელი ჩინოვნიკები, მას სწორედ ასეთი ჩინოვნიკები სჭირდებოდა”, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
აღნიშნულის საპასუხოდ, წამყვანმა ჯეჯელავას გაახსენა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას შეეხებოდა, რაზეც ანალიტიკოსმა უპასუხა, რომ ირაკლი კობახიძეს არ აქვს უფლება კორუფციაზე ილაპარაკოს, რადგან ის დიდი ხანია, კორუმპირებული გუნდის ლიდერია.
“ირაკლი კობახიძე არის უსირცხვილო ადამიანი, რომელიც გიორგი გახარიას უმღეროდა დითირამბებს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა ამ ქალაქში, რომ არ მოსწონდა ირაკლი ღარიბაშვილი, ღარიბაშვილის მიმართ ოსანას აღავლენდა. ირაკლი კობახიძეს შეუძლია, ყველაფერი თქვას, თუ კი ამის საჭიროება არის, მაგრამ, ასევე ყველაფერი იკადროს, რაც არ არის საკადრებელი. სამწუხაროდ, ასეთი პრემიერ-მინისტრად წოდებული გვყავს ჩვენ.
კორუფცია ახლა დაიწყო? მილიონები როდის იშოვეს, ერთ თვეში? ორ თვეში? უცებ გახდნენ კორუმპირებულები? მთელი ამდენი ხანი ირაკლი კობახიძე ამ კორუმპირებული გუდნის წევრი არ იყო და პოლიტიკური ხელმძღვანელი? რა უფლება აქვს ირაკლი კობახიძეს, კორუფციაზე რომ საუბრობს? რომელი სინდისით იღებს ხმას კორუფციაზე, რა ჰგონია, რით არის უკეთესი ან ღარიბაშვილზე ან რიჟვაძეზე”, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
