ლელა ჯანაშვილი – საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ახალი ეპოქა იწყება

საქართველოში იწყება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ახალი ეპოქა. დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო გასული წლის 14 ივნისს, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში განაცხადა, სადაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთობლივი პრეზენტაცია მიმდინარეობს.
ჯანაშვილის თქმით, კანონი შეიცავს მნიშვნელოვან სიახლეებს, რომელიც ქართულ სამართალს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ აახლოებს და სრულ შესაბამისობაში მოჰყავს მონაცემთა დაცვის ევროპულ რეგულაციებთან.
„მკვიდრდება ახალი ინსტიტუტები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი სამართლებრივი ინსტიტუტების დამკვიდრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში, როგორიც გახლავთ მონაცემთა დაცვის ოფიცრის, ინციდენტის შეტყობინების ზეგავლენის შეფასების, ასევე გათვალისწინებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სუბიექტის გაფართოებულო უფლებები. კანონი შეიცავს პრინციპების დონეზე ახალ რეგულაციებს: გამჭვირვალობის, უსაფრთხოების პრინციპი. განსაკუთრებული ყურადღებაა ბოლო დროის განმავლობაში გამახვილებული პირდაპირი მარკეტინგის გზით მონაცემების დამუშავების შესახებ (სიახლეზე). კანონმა სრულად ახლებურად მოაწესრიგა აღნიშნული საკითხი და იგი შესაძლებელია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წინასწარი თანხმობის გაცემით. წინასწარი თანხმობის შესახებ ზუსტ რეგულაციას შეიცავს ახალი კანონი და ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც გულისხმობს ქართულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას”, – განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
ცნობისთვის, დღეიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ““ ახალი კანონი ამოქმედდა. ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებები ეხება როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებებს, ისე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირებისთვის დაკისრებულ თანმხვედრ ვალდებულებებს. კანონმა პრინციპების დონეზე განსაზღვრა მონაცემთა დამუშავების „გამჭვირვალობის“ უზრუნველყოფის აუცილებლობაც. სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა (პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება) დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვის მონაცემებსაც ამუშავებენ.