ლელა წურწუმია იუბილარია – მომღერლის კარიერა, პირადი ცხოვრება და უცნობი დეტალები – Marao

ლელა წურწუმია იუბილარია – მომღერლის კარიერა, პირადი ცხოვრება და უცნობი დეტალები – Marao
ქართული ესტრადის დივა, დღეს იუბილარია.
მომღერალმა სოციალურ ქსელში მეგობრებისგან და ახლობლებისგან უამრავი მილოცვა მიიღო.
„ნომერი პირველი მანათობელი ვარსკვლავი…დღეს ნამდვილი დედოფალი დაიბადა, გილოცავთ…„რა ბედნიერებაა, რომ დაიბადე, მიყვარხარ”, – ვკითხულობთ მილოცვის ტექსტებში.
ლელა წურწუმია 1969 წლის 12 თებერვალს დაიბადა თბილისში. მამა, ლუდოვიკო წურწუმია ფიზიკოსი და ლექტორი იყო, ხოლო დედა, ნინო ლომთათიძე, უცხო ენების სპეციალისტი. ჰყავს ორი და — ეკა და ხათუნა. დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 5 წლიდან აქტიურად დაიწყო მუსიკის სფეროში გარკვევა, დადიოდა ვოკალის პედაგოგებთან.
1986—1988 წლებში სწავლობდა თბილისის საცირკო — საესტრადო სასწავლებელში, 1990 წელს ჩააბარა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, მუსკომედიის ფაკულტეტზე, 1992 წელს კი გადავიდა სამსახიობო ფაკულტეტზე. 1994—1996 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში, ვოკალის განხრით. თეატრალურ-მუსიკალური განათლება და გამოცდილება მას დაეხმარა შეექმნა მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური იმიჯი და შესრულების მანერა.
1996—1999 წლებში მღეროდა რესტორან „ევროპაში“, სადაც ყოველ საღამოს ბენდთან ერთად ცოცხლად ასრულებდა ცნობილი კომპოზიტორების სიმღერებს. იმ დროისათვის იმავე რესტორანში მუშაობდა მისი მომავალი მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი. როგორც შემდგომში მამულიჩა იხსენებს, მან ლელაში დაინახა ის პოტენციალი, რომლის სათანადო რეალიზების შემთხვევაშიც ქართულ სცენას ახალ ვარსკვლავს შემატებდა. ასე დაიწყო საქმიანი ურთიერთობა, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი სხვა გრძნობაში გადაიზარდა.
მამულიჩა ამ პერიოდიდან ლელას პროდიუსერი გახდა. ერთობლივმა მუშაობამ შედეგი მალე გამოიღო. ლელა წურწუმიას მიერ შემოთავაზებულმა პირველივე სიმღერამ, კლიპმა, ალბომმა და კონცერტმა მსმენელების აღიარება მოიპოვა და განხილვის საგნად იქცა. ამ პერიოდის მის სიმღერათა შორის იყო „მინდა გიმღერო ისევ“ და „პაემანი“. ეს მელანქოლიური სიმღერები მომენტალურად გახდა ჰიტი.
ლელას, მამულიჩას და პროფესიონალთა გუნდის 6 თვიანი ერთობლივი შრომის შედეგად 2000 წლის სექტემბერში შედგა ლელა წურწუმიას პირველი სოლოკონცერტი ფილარმონიაში. ეს იყო პირველი გრანდიოზული შოუ კონცერტი საქართველოში, თეატრალური დადგმებით, კოსტიუმირებული სანახაობით და რაც მთავარია, ენერგიული რიტმებით. განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა ფინალური სიმღერის, სამბას შესრულებამ. ქორეოგრაფიამ, თამამმა ჩაცმულობამ და ენერგიულმა რიტმებმა მაყურებლების ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.