ლოს ანჯელესში ახალი დინამიკა იშვიათად იბადება. როგორც წესი, ეს ლეგენდარული ფრენჩაიზი ისტორიულ გაცვლებს იშვიათად აკეთებს – მიზეზი მარტივია: “ლეიკერსში” თითქმის ყოველთვის თამაშობს დიდი ვარსკვლავი. 2019 წელს კლუბმა “პელიკანსიდან” ენტონი დევისი მოიყვანა და ამ ნაბიჯმა დაუყოვნებლივ გაამართლა – შედეგი იყო ჩემპიონობა. თუმცა ორი წლის შემდეგ, 2021-ში, ყველაფერი სხვაგვარად წავიდა: ლებრონ ჯეიმსის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე უარყოფით ეპიზოდად იქცა რასელ უესტბრუქის ტრანსფერი, რომელმაც ფაქტობრივად გუნდის ბალანსი დაშალა. და აი, 2024/25 წლებში, “ლეიკერსმა” ტრანსფერების ისტორია კვლავ კაშკაშად გაანათა – ლოს ანჯელესში გადმოვიდა მომავალი ლეგენდა, ლუკა დონჩიჩი. სწორედ ამ ნაბიჯმა შეცვალა გუნდის იდენტობა: დღეს “ყვითლების” შემადგენლობაში ერთმანეთს ერთიან სისტემად აერთიანებს სუპერვარსკვლავების სინერგია, ახალგაზრდა ტალანტების აფეთქება და ელიტური დაცვის პოტენციალი.
კალიფორნიელთა ხელმძღვანელობას აღარ სურდა ძველი შეცდომების გამეორება, მოკლედ შევაჯამებ გასული დეკადის ჩავარდნილ ტრეიდებს, რომლებმაც გუნდს შედეგი ვერა და ვერ მოუტანა. აქვე გეტყვით, რომ მოგეხსენებათ, ლებრონ ჯეიმსის კარიერის დასრულების ჟამი ახლოვდება. ყველაფერს აქვს დასასრული და რაღაც დიდებული გარკვეული პერიოდის შემდეგ სრულდება. წარმოგიდგენიათ, საჩემპიონო ბეჭდით მორჩენილი გენიალური კარიერა რა შედეგამდე მიგვიყვანს?… როგორც გითხარით, 2021 წელს, გუნდში რასელ უესტბრუქი მოვიდა, ლებრონსა და დევისს მესამე სუპერვარსკვლავი დაუმატეს, თუმცა რაც მოედანზე ხდებოდა, აბსოლუტურად სხვა სურათს გვაჩვენებდა: არიყო ქიმია, ბურთს ვერ ინაწილებდნენ და დაცვა კატასტროფულად გამოიყურებოდა. საბოლოოდ, “ლეიკერსი” პლეი-ოფში ვერ გავიდა, რასელის ერა კი სამარცხვინოდ დასრულდა. არადა, უმეტესობას წარმოგვედგინა, თუ რაოდენ დიდებული იქნებოდა კარიერის პიკში მყოფი უესტბრუქი “ელეის” მაისურით, თუმცა ასაკიც თავისას შვება, ყველა ჯეიმსი ვერ იქნება…
2012 წელს კალიფორნიელთა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ე.წ. “გალაქტიკოს” პროექტი შეექმნა, გუნდში სტივ ნეში და დუაიტ ჰოვარდი მოიყვანეს, ორგანიზაციაში კი კობი ბრაიანტი და პო გასოლი უკვე იყვნენ. წარმოიდგინეთ შემადგენლობა, თუმცა ტრავმიანობა, ეგომ და არასწორად განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერს წერტილი მალევე დაუსვა. ნეში მოედანზე მხოლოდ 50 მატჩი გამოჩნდა, ჰოვარდი კი არც ლიდერად იქცა და იმ დროს არც ჩემპიონად (მოგვიანებით მოიგო “ლეიკერსის” მაისურით). ეს პროექტიც მალევე დაიშალა.
და მესამე, დიანჯელო რასელის ბავშვობის გუნდში დაბრუნება თითქოს ახალი ეპოქის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში ექსპერიმენტი აღმოჩნდა, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში არ გაამართლა. დონჩიჩის მოსვლამდე ლოს ანჯელესში სტაბილური ვარსკვლავი არა და არ მოიძებნებოდა, დიანჯელო მომენტებში ბრწყინავდა, თუმცა პლეი-ოფში ქრებოდა და ყველაფერს წყალში ყრიდა და ზუსტად ამიტომ, როდესაც 2024/25 წლების სეზონში ლუკას სცენაზე გამოჩენით, “ლეიკერსმა” პირველად იპოვა ის, რასაც წლების განმავლობაში ეძებდა – ახალგაზრდა, მაგრამ ლიდერული თვისებებით გაჯერებული სუპერვარსკვლავი, რომელიც გუნდში საკუთარ იდენტობას პირველივე დღიდან ქმნის.
“ლეიკერსს” ყოველთვის რაღაც აკლდებოდა ჩემპიონობისთვის, ეს იყო ხან ვერ შემათამაშება, ხანაც არასრულფასოვანი სათადარიგო სკამი და ზოგჯერ საერთოდ დაცვის გარეშე თამაში. ამიტომაც სეზონის დაწყებამდე ხელმძღვანელობამ ტაქტიკურად სწორი გაცვლები განახორციელა და გუნდმა მიიღო ზუსტად ის შევსება რაც სჭირდებოდათ. პირველ რიგში შეინარჩუნეს ოსტინ რივზი, რომელზეც იწერებოდა, რომ მთელი ზაფხული სპორტდარბაზიდან არ გასულა. ლოგიკურია, გულშემატკივარს გვაინტერესებდა, თუ რას შეძლებდა მსგავსად მოტივირებული ვარსკვლავი და შემიძლია ასე გითხრათ, საწყის ტურებში, როდესაც ტრავმების გამო არც ლუკა და არც ლებრონი არ თამაშობდნენ, მარტო აზანზარებდა მოწინააღმდეგეს. მისი შენარჩუნებით გუნდმა მიიღო მესამე ვარსკვლავი, რომელიც თავის თავზე კონკრეტულ მომენტებში მშვენივრად იღებს თამაშს, ამარაგებს გუნდს გადაცემებით და ჩინებული მოედნის ხედვით, პერიმეტრზე მშვენივრად ტოვებს თანაგუნდელს. გუნდში დარჩნენ რუი ჰაჩიმურა, გეიბ ვინსენტი, ჯარედ ვანდერბილტი და ჯექსონ ჰეისი, უკანასკნელი სამეულისგან განსხვავებით, იაპონელი მართლაც რომ მაგარ ფორმაშია. ადრინდელისგან განსხვავებით, რუი ფიზიკურად გაძლიერდა. მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, განსაკუთრებით შეტევაში, ჯანს დიდი მნიშვნელობა აქვს, საღებავში ნაკლებად, თუმცა 2 ქულიანს შორეული დისტანციიდან მაღალი პროცენტით ესვრის. ჩაყენებული კორპუსიდან ბრუნი და ისე სროლა კი პოზიციის გაუმჯობესებას გულისხმობს და ჰაჩიმურამ გარკვეულწილად მოძრაობები კიდევ უფრო დახვეწა, აი დაცვას კი იმ დონემდე ვერ უმატებს, რაც მისგანაა მოსალოდნელი. სამაგიეროდ, დარჩენილი სამეული სანიმუშოდ იცავს ფარს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ჯარედ ვანდერბილტი. ზოგადად, მსგავსი მოთამაშეები გუნდში მხოლოდ მეტოქის ლიდერის შესაზღუდად ჰყავთ, გრძელი ხელი, აგრესიული სტილი და დაცვითი ინტელექი, თუმცა ჯეი-ჯეი რედიკმა გადაწყვიტა, რომ 26 წლის კალათბურთელისთვის სამქულიანის სროლა შედარებით მაღალ პროცენტზე აეყვაბა, მთელი ზაფხული ამაზე ავარჯიშა, შედეგს ჯერ ვერ ვხედავთ, თუმცა სეზონი გრძელია და თუ ვანდერბილტი კლანჭებს გამოაჩენს, მაშინ მეტად დაიტვირთება. ტრავმებისგან გატანჯულმა ვინსენტმა პრესეზონი 16-ზე მეტი ქულით დაასრულა. სათადარიგო გამთამაშებლისთვის, რომელიც რეალურად დაცვისთვისაა მოყვანილი, იდეალური ფორმა აჩვენა, თუმცა ისევ ტრავმა… და ბოლოს, ჯექსონ ჰეისი, მუდამ მოტივირებული, მცველი ცენტრი თავის საქმეს ასე თუ ისე აკეთებს.
გადავიდეთ ახალგაზრდებზე, დალტონ კნეხტმა და ბრონი ჯეიმსმა აშკარად მოუმატეს, განსაკუთრებით ბრონიმ, რომელსაც, ერთის მხრივ, ამერიკული მედია ხშირად აშარჟებს, თუმცა აშკარაა, რომ ეს ბიჭი მონდომებულია, მოედნის ხედვაც აქვს და პერიმეტრის დაცვაც შეუძლია. სამაგიეროდ, ვერ უმატებს კნეხტი, დალტონზე დიდი ავანსები გაიცა, თუმცა როგორც ჩანს, კალიფორნიურ წნეხს ვერ უძლებს და ვერა და ვერ ჩაჯდა ფორმაში…
რაც შეეხება შევსებას, აი აქ ბევრი სასაუბროა. პირველ რიგში, გუნდმა დაიმატა მარკუს სმარტი. ერთ დროს ბოსტონში სახელგანთქმული მცველი, რომელმაც “სელტიკსის” შემადგენლობაში წლის საუკეთესო დამცველის ჯილდო დაიმსახურა. მაშინ ენთუზიაზმით თამაშობდა, საკუთარ ფარს ყველასგან იცავდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინებოდა, შემდეგ იყო ტრავმიანობა და არ შემდგარი ჯერ მემფისური, შემდგომ კი დედაქალაქური კარიერა. საბოლოო ჯამში მარკუსი “ლეიკერსში” აღმოჩნდა და გულშემატკივარმა ისევ ის ანთებული თვალები იხილა. ინგლისური გამოთქმაა Hustle Player და ეს სმარტს სიტყვა სიტყვით აღწერს. მსგავსი მოთამაშის გუნდში ყოლა დიდი ფუფუნებაა, აქვს გამოცდილება, რომელსაც აქტიურად უზიარებს ახალგაზრდებს.
ცენტრის მუდმივი პრობლემა ლოს ანჯელესურმა გრანდმა დეანდრე ეიტონით გადაჭრა. ერთ დროს “ფინიქს სანსის” ვარსკვლავმა გასული 2 წელი “პორტლენდ ტრეილბლეიზერსში” ჩაატარა, სადაც დიდად თავი არ მოუკლავს და გადმოვიდა გუნდში, სადაც რეალურად შეუძლია ჩემპიონობა. მოგეხსენებათ, ერთხელ სუპერფინალი იანის ანტეტოკუმპოსთან დათმო… ეიტონის გადმოსვლამ გუნდი კიდევ უფრო მობილური გახადა, ე.წ. “ფლოუტერების”, ლუკას, ლებრონისა და რივზის იდეალური გადაცემებით დეანდრე სარგებლობს და 17 ქულაზე მეტსაც აგროვებს სეზონის სტარტზე. პლეი-ოფის გამოცდილება კი თავის სიტყვას, რამდენიმე თვეში იტყვის. ახლა კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეიტონი ელეისთვის იდეალური ცენტრი აღმოჩნდა.
და ბოლოს, 24 წლის ფორვარდი, ჯეიკ ლარავია, რომელიც გუნდში “საკრამენტოდან” მოვიდა, სისტემაში იდეალურად ჩაჯდა. ფორვარდს კარგი დაცვა აქვს, ამასთან ერთად შეტევაც არუჭირს და რაც მთავარია, სანდო სათადარიგო კალათბურთელია. სწორედ, მისი დამსახურებით, “ლეიკერსი” სეზონსი სტარტზე მშვენივრად გამოიყურება. რად ღირს, სუპერვარსკვლავი ენტონი ედვარდსის რეაქცია მინეაპოლისელი გულშემატკივარის შეძახილზე – “ვინ არის 12 ნომერი? მეც ამას ვკითხულობ”. იმ თამაშში ჯეიკმა 27 ქულა ჩააგდო, კალიფორნიელებმა კი 116:115 მოიგეს.
ცოტა მხატვრულად რომ გადმოვცე, გუნდი არა მოთამაშეთა დაჯგუფებას, არამედ კარგად შესრულებულ სიმფონიას ჰგავს. ლუკა დონჩიჩი და ოსტინ რივზი ერთმანეთს ისე გძნობენ, როგორც დირიჟორი ნოტებსა და მუსიკოსებს. რა თქმა უნდა, იქვეა ლებრონ ჯეიმსი, რომელიც მათი მთავარი გმირი იქნება. თითოეული გადაცემა კარგადაა დახაზული და გააზრებული, თუმცა მაინც გვრჩება განცდა სპონტანურობისა და იმპროვიზაციის. დაცვის ხაზიც ამ სინერგიის ნაწილია. მარკუს სმარტი, რუი ჰაჩიმურა, ჯეიკ ლავარია და დეანრე ეიტონი მყარად შეკრულ ჯაჭვს მაგონებენ, რომლებიც მოწინააღმდეგეს ქვასავით აჩერებენ და უზრუნველყოფენ ბურთის მოპოვებასა და სწრაფ კონტრშეტევას. სწორედ ეს ქმედება ქმნის ერთიანს, სადაც თითოეული მცველი სწორად მოძრაობს და ზედა კადრიდან სინქრონს გვთავაზობენ.
ლოს ანჯელესში ეს ქიმია იშვიათად იბადება, ბოლოს “ბაბლში” ვნახეთ, როდესაც ბურთი გუნდში თავისუფლად მოძრაობდა. დაცვა სტაბილური იყო და შეტევით კი ჩემპიონობა მოიპოვეს. განსხვავება ისაა, რომ ახლა ლუკა დონჩიჩიცაა გუნდში, ახალგაზრდული ენერგია, სულისკვეთება, სუპერვარსკვლავთა გამოცდილება ერთმანეთთან იდეალურადაა შერწყმული და სწორედ ამ გუნდს აქვს შესაძლებლობა, როგორ ლამაზად და ეფექტურადაც თამაშობენ, ისე რეალურად მოიპოვონ ჩემპიონობა.
პოტენციური გაცვლა, რომელიც გუნდს ჩემპიონობის მაძიებელ სამეულში გადაიყვანს?
დღევანდელი გადმოსახედიდან გუნდს სათადარიგო სკამიდან კარგი მცველი და მსროლელი სჭირდება, ორი ვარიანტია. მატიას ტაიბული “პორტლენდიდან”, რომელსაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და შესაძლოა “ტრეილბლეიზერსის” ხელმძღვანელობა მოსალაპარაკებელ მაგიდაზე უფრო მარტივად დაჯდეს, ხოლო მეორე კლეი ტომპსონი.
ტაიბულის შემთხვევაში შედეგიანობა ნაკლებად, თუმცა დაცვა საგრძნობლად გაძლიერდება. ავსტრალიელი კალათბურთელის ძირითადი უნარი დაცვაა. ხელფასს რაც შეეხება 11.5 მილიონ დოლარს იღებს, რაც იდენტური მაქსი კლებერის კონტრაქტს უდრის. შესაძლოა პიკის ჩართვით გუნდში ძლიერი დამცველი მოვიდეს.
საუკეთესო ვარიანტი ისევ “დალასში” მოიძებნება. ვეტერანი ტომპსონი აშკარად ამოვარდნილია გუნდიდან, თუმცა სათქმელია, რომ ჯეისონ კიდის შეგირდები ჯერ-ჯერობით გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებენ. აქედნ გამომდინარე, კლეის 16 მილიონიანი კონტრაქტით გუნდში გადმოყვანა შესაძლებელია, იგივე მაქსი კლებერისა და კნეხტის გაცვით. რეალურად, “დალასი” ამ გზით, ახალგაზრდა მსროლელს მიიღებდა და ასევე გაითავისუფლებდა 11 მილიონიან კონტრაქტს. “ლეიკერსი” კი ლეგენდარულ მსროლელს აიყვანდა, რომელიც სათადარიგო სკამიდან იდეალური ოფცია იქნებოდა.
დღევანდელი გადმოსახედიდან, “ლეიკერსი” იმ გზაზე დგას, რომელიც მომავალი დიდებისთვისაა განკუთვნილი. ლუკა დონჩიჩის, ლებრონ ჯეიმსისა და ოსტინ რივზის კომბინაცია სუპერვარსკვლავთა სინერგიას ქმნის, ახალგაზრდა ტალანტების მატება კი გუნდს ენერგიით ავსებს. სათადარიგო სკამიდან მხარდაჭერა და სტაბილური დაცვა უზრუნველყოფს, რომ მოთამაშეები მოედანზე თავს თავისუფლად გრძნობენ, ხოლო გუნდმა სრულ ჰარმონიაში იმოქმედოს. “ლეიკერსი” არ არის მხოლოდ მოთამაშეთა ჯგუფი, ესაა კარგად შესრულებული სიმფონია, სადაც თითოეული ნოტი დაცვასა და შეტევასთან ჰარმონიაშია. გუნდში გაერთიანებულია გამოცდილება, ახალგაზრდული ენერგია და სტრატეგიული ჭკვიანობა, რაც თამაშს არა მხოლოდ ეფექტურს, არამედ მხატვრულს, ნამდვილ სანახაობას ხდის.
ლოს ანჯელესში სუპერფინალის ფერი უკვე ჩანს…
197 მილიონიანი დილემა: “მემფისისა” და ჯა მორანტის ბედი ბუნდოვანია
[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე – “ლეიკერსმა” მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი” დაამარცხა
“მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე” – იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის “რეალში” მსურს
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა – NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე – “ლეიკერსმა” მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი” დაამარცხა
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან – საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
სარეკორდო გარიგება სპორტის ისტორიაში – “ლეიკერსი” 10 მილიარდ დოლარად გაიყიდა
“ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა




