ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის ცოლ-შვილმა სასამართლოში ჩვენება არ მისცეს.
ბრალდებულის ცოლი და მისი შვილი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვაზე გამოძახებული პროკურატურას ჰყავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა უფლებები განუმარტა, მათ შორის, ის, რომ უფლება აქვთ, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცენ, მათ აღნიშნული უფლებით ისარგებლეს და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.
„არ მაქვს სურვილი ჩემი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენება მივცე“, – განაცხადა უძილაურის მეუღლემ. იგივე პოზიცია დააფიქსირა მისმა შვილმაც.
აღნიშნულის ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, პროკურორი ლევან ვეფხვაძე დაინტერესდა, ვინაიდან გელა უძილაურის ცოლ-შვილი გამოძიების ეტაპზე გამოკითხული არიან და მათ ჩვენება მიცემული აქვთ, ახლა რატომ ამბობენ უარს, ვინმეს მხრიდან რამე იძულებას, ან მუქარას ხომ არ ჰქონდა ადგილი, რაზეც ორივე მათგანმა უარყოფითი პასუხი გასცა.
ბრალდებულის უფლებადამცველებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან ჟურნალისტებს მიმართეს, უძილაურის ცოლ-შვილის უსაფრთხოების დაცვის გამო, ფოტო/ვიდეო გადაღება სასამართლოს მიღმაც არ განეხორციელებინათ.
მანამდე სასამართლოში ჩვენება მისცა ფეხბურთის ფედერაციაში დასაქმებულმა საბა კეკელიძემ. ის ძებნაში მყოფი გიორგი ჯოხაძისა და დაკავებულ მამუკა ბაღდავაძის მეგობარია.
მისი ჩვენებით, გელა უძილაური გიორგი ჯოხაძის დაცვა იყო, თუმცა შემდეგ უძილაური უკრაინაში საბრძოლველად წავიდა და შესაბამისად, ჯოხაძესთან აღარ მუშაობდა.
მოწმის ჩვენებით, მას მამუკა ბაღდავაძესთან ერთად აქვს ბიზნესი, კერძოდ კი, მანქანებს აქირავებენ, ამასთან, ჰყიდიან ავტონაწილებსაც.
მოწმის ჩვენებით, მან ბოლოს გიორგი ჯოხაძე აპრილში, წასვლამდე ნახა, ახლა კი რომელ ქვეყანაშია, არ იცის და არც მასთან აქვს კომუნიკაცია. მან ასევე ახსნა, თუ რა ჩარიცხვები ჰქონდა გელა უძილაურთან განხორციელებული.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.
შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




