ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის მეგობრის, ილია სამიტაშვილის ჩვენებით, მას უძილაურმა მკვლელობის შემდეგ დახმარება სთხოვა, მაგრამ უარი უთხრა.
როგორც მან სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, უძილაური მასთან სამსახურში მივიდა და ღამის გასათევი ადგილი სთხოვა, მან კი პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, უარი განუცხადა.
„დაახლოებით, 20:00-21:00 საათი იქნებოდა, სამსახურთან [ხინკლის სახლი] მოვიდა, დახმარება მთხოვა, ღამის გათენება უნდოდა და უარი ვუთხარი. ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, ვერ დაგეხმარები-მეთქი. მე ვერანაირ დახმარებას ვერ გავუწევდი“, – განაცხადა მოწმემ.
მანამდე კი სასამართლოში კიდევ ერთმა პირმა, ტაქსის მძღოლმა – ლაშა ღონღაძემ მისცა ჩვენება, რომელმაც გელა უძილაური მკვლელობის შემდეგ, აღმაშენებლის ხეივნიდან, სასტუმროდან ჯერ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ბრალდებულ მამუკა ბაღდავაძესთან მიიყვანა, შემდეგ კი, ხინკლის სახლთან.
„რამდენიმე ადგილზე უნდოდა გაჩერება, ტარიფი ძალიან დაბალი იყო და ვთხოვე, შეკვეთა გაეუქმებინა და ისე წავიყვანდი. მიპასუხა, რომ მას ეს არ შეეძლო რადგან სხვამ გამოუძახა ტაქსი. როცა ადგილზე მივიყვანე, იქ არავინ დახვდა, ამიტომ შევიდა შენობაში, მეც ავყევი მეორე სართულზე, სადაც დაგვხვდა ორი კაცი და ერთი ქალი, რომლებმაც მოგვცეს ვინმე მამუკას [ბაღდავაძე] ნომერი“, – განაცხადა მოწმემ.
ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი აძლევს.
