ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე სამედიცინო ექსპერტი და ტაქსის მძღოლი დაიკითხნენ

ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე სამედიცინო ექსპერტი და ტაქსის მძღოლი დაიკითხნენ.
სამედიცინო ექსპერტმა ლევან ჯანგველაძის სხეულზე არსებულ ჭრილობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჯანგველაძეს ორი ჭრილობა სახის არეში, დანარჩენი ტანზე, მათ შორის, გულ-მკერდის არეში ჰქონდა.
ექსპერტის ჩვენებით, ჯანგველაძის გარდაცვალების მიზეზი სხეულის მრავლობითი ჭრილობების შედეგად განვითარებული სისხლნაკლებობა გახდა.
რაც შეეხება ტაქსის მძღოლს, სწორედ მან წაიყვანა მკვლელობის შემდეგ გელა უძილაური ვაზისუბნიდან ქარელის მიმართულებით. მოწმე ივერი ძაძამიამ დეტალურად ისაუბრა მასსა და გელა უძილაურს შორის არსებულ კომუნიკაციაზე.
„00:30 საათი იქნებოდა, შეტყობინება შემოვიდა. როგორც კი მივედი, შეკვეთა გამიუქმდა, მანქანა რომ მოვატრიალე, ადამიანი დამადგა, თქვენ ხართ გამოძახებითო? – მკითხა. კი, მაგრამ გააუქმეს-მეთქი. ქარელში წამიყვანო? ცოტა ნასვამი ვარ, მეგობართან მინდა ჩასვლაო.
დავეთანხმე, თუ თანხას წინასწარ გადაიხდიდა. ზღვით გადავიდეთო, მითხრა. თანხა რაც უნდა მეთქვა, იმაზე მეტი გადამიხადა. 200 ლარის თქმას ვაპირებდი და 300 გადამიხადა. ვიდრე საწვავს ჩავასხამდით, მაღაზიასთან გაჩერება მთხოვა, აღმაშენებლის ხეივანზე მივადექით მაღაზიას. ამხელა მაღაზიას რა შემოივლის, სადმე „დრაივზე“ გამიჩერეო, მითხრა. „მოლამდე“ „დრაივთან“ გავაჩერე, ბოდიში, ვერ გადავალ და იქნებ, ერთი ენერგეტიკული და წყალი მიყიდოო, თანხაც მომაწოდა.
ქარელისკენ რომ გადავუხვიეთ, მანქანიდან გადავიდა, ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, 5-7 წუთი არ გამოჩნდა, გადმოვედი, მაინტერესებდა სახეზე. ტყეში შევიდა. რომ გამოვიდა, სახეზე შევხედე. ქარელის ცენტრამდე არმისული, მითხრა, გვიანია და ნეტა, ტაქსს თუ ვიო, სოფელ ყინწვისში მივდივარო. ვუთხარი, მე წაგიყვან-მეთქი…. როგორც კი დავადექით ყინწვისის გზას, მითხრა, ზუსტი მისამართი არ ვიცი, გზაზე უნდა დამხვდნენო…. ვუთხარი, საეჭვოდ იქცევი, გაარკვიე, სად მივდივართ-მეთქი. კარგი, „მესიჯს“ მივწერო და ტელეფონში იყურებოდა – არ ვიცი, მართლა მიწერა ვინმეს თუ არა. მერე გადასახვევი იცნო. ტყეში, დაახლოებით 3-კილომეტრნახევარი ვიარეთ, მონასტერთან ჩამოვიდა, შევიდა თუ არა, არ ვიცი. ბევრი გაწვალეო და თანხა – 200 ლარი დამიმატა კიდევ. გზაში მითხრა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად არისო“, – განაცხადა ძაძამიამ.
როგორც მან აღნიშნა, გელა უძილაური შემდეგ, მედიის მიერ გაშუქებულ კადრებში ამოიცნო.
ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას მკვლელობის თვითმხილველი მოწმე აძლევს. სახელმწიფო ბრალდებას დღევანდელ სხდომაზე კიდევ 11 მოწმე მოწმე ჰყავს დასაკითხი.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.
შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.