ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბიზნესმენი გიორგი მიქაძე, დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მისმა ადვოკატმა მიხეილ ჭანუყვაძემ მოინახულა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ჯერჯერობით დაკავებული გიორგი მიქაძე დუმილის უფლებას იყენებს და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ისინი კონკრეტულ სტრატეგიაზე ჩამოყალიბდებიან.
„სტრატეგია აღებული არ გვაქვს, დუმილის უფლებას იყენებს. ველოდებით საქმის მასალებს. მოულოდნელი იყო მისთვის დაკავება. საერთოდ არაფერ შუაში არ არის მომხდართან“,- განაცხადა ადვოკატმა მიხეილ ჭანუყვაძემ.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
გამოძიების თანახმად, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები და მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. გიორგი მიქაძე დაკავებულია, ხოლო დავით მიქაძე საზღვარგარეთ იმყოფება, რომელსაც დაუსწრებლად წარედგინება ბრალი.
შეგახსენებთ, ლევან ჯანგველაძე 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.
