,,ლევან ჯანგველაძის მკვლელობის მეორე დღესვე მქონდა ძალიან კომპეტენტური წყაროდან ინფორმაცია, რომელსაც წყარო კატეგორიულად ადასტურებდა“ – რას წერს გივი თარგამაძე?
პატიმრობაში მყოფი გივი თარგამაძე სოციალურ ქზელში წერილს აქვეყნებს:
,,მოდუნებული აგვისტოს წიაღში გლუვისთვის და შესაბამისად რეჟიმისთვის ერთი მნიშვნელოვანი, შესაძლოა, გარდამტეხიც, პროცესი ვითარდება და შევწუხდი, რომ მისი სწორად დანახვა მედია და პოლიტიკურ სივრცეში დღემდე ვერ ხერხდება. ის ხან მოღრეცილად ჩნდება, ხანაც, სულაც უკუღმა. არადა კონკრეტულ მოვლენათა თანმიმდევრობა უკვე იძლევა სრული სურათის დანახვის საშუალებას.
საუბარი ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზეა. მკვლელობის მეორე დღესვე მქონდა ძალიან კომპეტენტური წყაროდან ინფორმაცია, რომელსაც წყარო კატეგორიულად ადასტურებდა, როგორც გადამოწმებულ ფაქტს. მე ეს ინფორმაცია რამდენჯერმე გავაჟღერე, როგორც გამოცხადებულებიდან ერთადერთი ლოგიკურად გამართული ვერსია და დღეს უკვე მასზე შემიძლია ვისაუბრო, როგორც აშკარა ფაქტზე, რომელიც იწვევს ტექტონურ ძვრებს გლუვის სამყაროში და მის მიერ აგებულ კონსტრუქციაში.
მკვლელობაზე აქამდე გამოთქმული ყველა ვერსია – იაპონჩიკის მკვლელობაზე ანგარიშსწორება, ხასანი და სხვა – იყო არადამაჯერებელი, აზრს მოკლებული და წარმოადგენდა წარსულში მომხდარი, აწ უკვე უმნიშვნელო ფაქტების ფრაგმენტებზე ხელოვნური მოჭიდების მცდელობას. ისევე, როგორც ბოლოს მოწოდებული ვერსია – თითქოს გლუვი ნაბიჯებს დგავს მოკლულის ძმის საამებლად. რა აბსურდია.
გლუვის ნახევარი ნაოჭი და ბუნებრივი ინსტინქტებიც კი საკმარისია იმისთვის, მას ვიღაც ცალკე აღებული ქურდის განწყობა სრულებით არ ანაღვლებდეს. მითუმეტეს, მასზე ასჯერ გავლენიანი ძმის ლიკვიდაციის შემდეგ, რამაც ისე დაასუსტა, ამდენი ხნის მანძილზე ვერც ჯოხაძეს მისწვდა, ვერც მიქაძეებს და ვერც თავისთან, რუსეთში მყოფ ფარცხალაძეს. აბა რანაირად უნდა ეშინოდეს მისი გლუვს? სისულელეა რა თქმა უნდა.
აქეთა ბოლოდან დავიწყოთ – რას შეეძლო გამოძიების ასე ერთ წამში შემობრუნება? ერთმნიშვნელოვნად, მხოლოდ გლუვის პირდაპირ ჩარევას და განკარგულებებს. ეს არავისში იწვევს ეჭვს. გასარკვევი დარჩა, რამ გამოიწვია მისგან ასეთი ჩარევა? გასაგებია, რომ პირდაპირმა ინტერესმა. უფრო, ჩარევის ინტენსივობის მიხედვით, გამწარებამ. რამ გაამწარა? და აქ ისევ იმ მეორე დღესვე მოწოდებულ ინფორმაციას მივუბრუნდები.
საქმე ის გახლავთ, რომ ლევან ჯანგველაძე იყო გლუვის პირდაპირი არხი კრემლში. ზუსტად რომ წარმოვიდგინოთ – გლუვი მას ერთი-ერთზე რასაც გადასცემდა, მას ის მიქონდა კრემლში. ვისთან, რომელ ჯგუფთან – ვერ ვიტყვი, მაგრამ კრემლში. და ეს ინფორმაცია მიზნამდე აღწევდა, რასაც მოწმობს შემდეგი მოქმედებები. მოქმედებები კი ასეთი იყო – ეფესბეში დაიბარეს ფარცხალაძე და აუხსნეს, რომ მთელი ძალისხმევა, რაც მის დამუშავებასა და გარომანოვებაში გასწიეს ემსახურებოდა ერთ მიზანს – ეფესბეს ჰქონოდა გლუვისგან ერთადერთი, ექსკლუზიური არხი კრემლზე. ერთადერთი და ექსკლუზიური – ეს იყო მთავარი. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ექსკლუზიურობა არ არსებობს და სანამ ეფესბე თავის პირმშოს შლაპით, ბუშტებით და ბამბის ნაყინით წითელ მოედანზე პარადზე ასეირნებს, გლუვი პირადი არხით არხეინად ეკონტაქტება კრემლს და ეფესბე ოფსაიდშია.
ბოტასას მოთხოვეს ამის გამოსწორება და აუხსნეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი არსებობა აზრს დაკარგავს და ხაზეინები არარსებობას უზრუნველყოფენ. ამერიკული სანქციითაც კი ფარცხალაძეს ეფესბეში სწორად ეს ფუნქცია აქვს განსაზღვრული – ინსტრუქციების გადამცემი. ამიტომ, სხვებისგან განსხვავებით, ეს ვერსია სხვებისგან განსხვავებით სრულიად გამართულია, ისევე, როგორც ფარცხალაძის შემდგომი მოქმედებები – დავალების გაცემა ზუსტად ასეთი სიტუაციების მოსაგვარებლად საკუთარი ფრთის ქვეშ არსებულ მიქაძეების ჯგუფზე, რომლებსაც გაახსენდათ, რომ ქილერი ჯოხაძეს ეგულებოდა და ასე, რწყილი და ჭიანჭველასავით.
მნიშვნელოვანი ისაა, ვინ იყო აქეთა ბოლო, ვინ იყო ამ ქუჩის ჯგუფიის უსტაბაში აქ, ადგილზე. ვის ჰყავდა ისინი მიბმული ფინანსურად, თანაც, უზარმაზარ ფულზე. რა თქმა უნდა, ლილუაშვილს. ამიტომ, მისი მონაწილეობა აუცილებელი იყო. არ ვიცი, მოახერხეს და მოაყტუეს, რომ გლუვი საქმის კურსში იყო და მან ვერ მოახერხა გადამოწმება, ან, უფრო რაც მგონია, აუხსნეს, რომ ეს ეფესბეს დავალებაა, უარის შემთხვევაშუ ფიზიკურად გაუსწორდებიან, თანხმობის შემთხვევაში კი თავად დაალაგებენ გლუვთან დავალების შესრულების შემდეგ. სავარაუდოდ, იგივე მეთოდით მოახერხეს გომელაურისგან თვალის დახუჭვაც.
გლუვი რუსეთში არასდროს ერკვეოდა. ის ტიპიური ჰომო სოვიეტიკუსია და საბჭოთა კავშირის ანარეკლებით ცხოვრობს, მოქმედებს. დღევანდელი რუსეთის გაგნებაში არაა. პირველად ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც გადაწყვიტა აფხაზეთის თემით ეთამაშა და ჩათვალა, რომ კრემლში ამ იდეას არა მხოლოდ მოუწონებდნენ, ამ კარტის გათამაშებაში დაეხმარებოდნენ კიდეც. დამთავრდა ბუნებრივად, იმით, რომ არა მხოლოდ დააპაშოლეს, საჯაროდ, პირდაპირი ტექსტით უთხრეს – ეგ ფანტაზიები თავიდან ამოიგდეო. ანუ, შენი ინიციატივები აქ ყველას მიაფრინდა, იზამ მხოლოდ იმას, რასაც გეტყვითო.
იქვე რომ მიმხვდარიყო ყველაფერს, ლევან ჯანგველაძე დღეს ცოცხალი იქნებოდა. მაგრამ ზუსტად აქ არის გლუვის ეგზისტენციალური პრობლემა – ის მუდმივად ცდილობს მოიპოვოს მისი გაგებით ზეადამიანების კლუბში თანასწორის სტატუსი. ასე იყო დიფსტეიტის, ანუ მასონების შემთხვევაშიც (ამაზე დავწერ მალე). ყველანაირად ეცადა, იქ თანასწორად მიეღოთ. მას შემდეგ, რაც დააპაშოლეს, ჩათვალა, რომ რუსეთის ოლიგარქიაში მაინც აქვს ეს თანასწორობა უზრუნველყოფილი, მაგრამ – უპს, აქაც დააპაშოლეს.
მისთვის ყველაზე მურტალი კი ისაა, რომ ეფესბემ მის დასაშოშმინებლად მისივე შექმნილი მართვის კონსტრუქციის საყრდენი ფიგურები გამოიყენა, როთიც ბოლომდე გააბანძეს. აი, აქედანაა გამწარება, რომელმაც გამოძიებაში პირდაპირი ჩარევა და მთლად თავისიანების მოძულება გამოიწვია. კი, ეხლა მართლა თხოვს რუსებს ფარცხალაძე დაუთმონ, ოღონდ, სანაცვლოდ, ვისითაც მას ჩაანაცვლებენ, მის ექსკლუზიურობას თავად დაიცავს და დაემორჩილება. ანუ, თანასწორობის ნაცვლად მორჩილებას მოაწერს ხელს. აქ ალტერნატივები არ განიხილება.
გადმოუგდებენ ბოტასას? შეიძლება კი, შეიძლება არა. ეს გლუვის მდგომარეობას მნიშვნელოვნად არ შეცვლის. კიდევ უფრო მძიმეა მისი მდგომარეობა აქ, ადგილზე. მის წინააღმდეგ წასულებს – ლილუაშვილს, გომელაურს – სამაგალითოდ თუ არ დასჯის, რეპუტაციულად საბოლოო დარტყმას მიიღებს საკუთარ სამწყსოში.მაგრამ შეძლებს თუ ვერა დასჯას, ეგეც კაცმა არ იცის, ოხანაშვილის, გეკას, მშიშარა კობახიძის და ფუტურო მდინარაძის ხელში. რომც დასაჯოს, მიღებულ ზარალს მაინც ვერ აინაზღაურებს და ბზარებს ვეღარ გაამთელებს.
მიზანიც აღარ ჩანს – ყველამ დააპაშოლა – დიფსთეითმაც, კრემლმაც და აქ უკვე ჯერ გამხმარმა, შემდეგ დამპალმა ბაობაბებმაც. მოკლედ, გლუვი ღრმა უკანალშია, რაც ბუნებრივია. მხოლოდ ეს ერთადერთია მისი არსებობის შესაძლო გარემო. ნიცშეს რომ შეშვებოდა, ღამურა, ან ერთი-ოღი იგავ-არაკი წაეკითა, ის ნახევარი ნაოჭი დაეძაბა, მიხვდებოდა, რომ უკანალი მისი ბედისწერაა. მაგრამ, ის არ არის ჩვენი და ჩვენი სამშობლოს ბედისწერა, არადა, ამჟამად ჩვენც იქ ვართ. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, ყველა ძალა მოვიკრიბოთ, ამოვათრიოთ ჩვენი თავი, სამშობლო ამ უკანალიდან და დავტოვოთ გლუვი ერთი-ერთზე საკუთარ ბედისწერასთან სამუდამოდ.“
