ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ძმებმა მიქაძეებმა შეუკვეთეს — შსს

მიმდინარე წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მკვლელობა ძმებმა მიქაძეებმა შეუკვეთეს.
დაკავებულია გიორგი მიქაძე, ხოლო მისი ძმას — დავით მიქაძეს — ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ. მედიაში არსებული ინფორმაციით, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულ პირებად და ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებად მოიაზრებიან.
როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი — გ.მ., გ.კ. და მ.ბ. — დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს — გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს — ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დ.მ. და გ.მ. ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლ.ჯ.-სთან და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გ.ჯ.-ს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს. დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა გ.ჯ.-ის პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ მკვლელობას სისრულეში მოიყვანდა. ასევე დგინდება, რომ გ.ჯ.-მ და გ.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ, გ. მ. სა და დ. მ-ს მეშვეობით გ.უ.-ს გადაეცა ხსენებული მკვლელობის განხორციელების მიზნით“, — განაცხადა სირაძემ.
გამოძიების თანახმად, გ.უ.-მ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანმხლები პირი დაჭრა.
„საქმეზე ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის მ.ბ., რომელმაც ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და დაფარა დანაშაული. ამოღებული და გაშიფრულია ათობით საათის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მომსახურე ანძებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება“, — განაცხადა ვაჟა სირაძემ.
მკვლელობაში ბრალდებული გ.უ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, ასევე, დაკავებულია პირი (ს.წ.), სავარუდოდ ვის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდანაც მოხდა მკვლელობა.
-ს ცნობით, გამოძიება გრძელდება ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების (მათი არსებობის შემთხვევაში) პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
ამ თემაზე:
მთაწმინდაზე გიორგი მი­ქა­ძე დააკავეს
ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია — შსს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი, ვაკრიტიკებდით გამოძიებას, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ შემკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ – მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი, საქმეზე გარკვეულ სიახლეებს ველოდები