ასახსნელია, რატომ ვარ გია ჩადუნელზე [ჯანგველაძის მძღოლი] გაბრაზებული? ჩადუნელმა ვერაფერი გააკეთა, რაც თავისი მოვალეობა იყო! 34 ტყვია ჰქონდა და ერთი ტყვია ვერ ისროლა ჰაერში მაინც? 17 წელი მეუბნებოდა, პროფესიონალი ვარ, სპეცრაზმელი ვიყავიო, ოჯახის წევრივით იყო, ერთადერთხელ დასჭირდა იმ ადამიანს, – ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მამიდაშვილმა, მიხეილ ბერძენიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
აღნიშნულით ბერძენიშვილმა დაცვის მხარის კითხვას გასცა პასუხი, თუ რატომ არის ის ჩადუნელზე გაბრაზებული.
მან ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ლევან ჯანგველაძის მძღოლთან, რომელიც ამავდროულად, დაცვის ფუნქციასაც ითავსებდა, ბევრი კითხვა აქვს.
მოკლული ბიზნესმენის მამიდაშვილის თქმით, მკვლელობის დღეს ის, სამტრედიაში, სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც დაურეკეს და უთხრეს, რომ ლევან ჯანგველაძეს ესროლეს, რის შემდეგაც ის თბილისისკენ გამოემგზავრა. ჩვენების თანახმად, გზაში ის გია ჩადუნელს ურეკავდა, თუმცა, ტელეფონი გამორთული ჰქონდა, მოგვიანებით კი მას ჩადუნელის შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ მამა მას ვერ დაელაპარაკებოდა, ვინაიდან ბევრი სისხლი დაკარგა.
ბერძენიშვილის ჩვენებით, ჩადუნელთან განხორციელებული ზარიდან მალევე, გია ჩადუნელი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან მივიდა, რაც მისთვის გასაკვირი აღმოჩნდა, რადგან „ერთი საათით ადრე მას ტელეფონზე დაურეკა და ვერ დაელაპარაკა”. ბერძენიშვილის თქმით, ჩადუნელმა მას უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, სამძიმარზე ასულ ჯანგველაძეს მანქანაში ელოდებოდა, მანამდე კი სადარბაზო დაათვალიერა.
„ვუთხარი, სადარბაზოში ლიფტით რატომ ახვედი, კიბით რატომ არ ახვედი, შენ ხომ მასწავლე, რომ ეს ყველაფერი პირიქით უნდა გაგეკეთებინა-მეთქი. ტირის, ბოდავს რაღაცებს, შენთან შეკითხვები იქნება და ამაზე პასუხის გაცემა მოგიწევს-მეთქი. ლევანი რომ მოდიოდა, ვერ დავინახეო, მერე ვიდეოს რომ ვუყურე, კაციშვილი არ დადიოდა. სროლა ატყდა და რომ ავდექი, ტყვია მომხვდაო”,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
დაცვის მხარის კითხვაზე, რომ მოწმე გია ჩადუნელზე გაბრაზებული ჩანს და რატომ, მოწმემ კითხვითვე უპასუხა.
„ასახსნელია რატომ ვარ გაბრაზებული? ღმერთმა ნუ გამყოფოთ ამ დღეში, ჩადუნელმა ვერაფერი გააკეთა, რაც თავისი მოვალეობა იყო! 34 ტყვია ჰქონდა და ერთი ტყვია ვერ ისროლა ჰაერში მაინც? 17 წელი მეუბნებოდა, პროფესიონალი ვარ, ოჯახის წევრივით იყო და ერთადერთხელ დასჭირდა ადამიანს”,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
ადვოკატის კითხვაზე, ჩადუნელმა მხოლოდ თავისი მოვალეობა ვერ შეასრულა თუ მისი ეჭვები შორს მიდიოდა, მოწმემ ასე უპასუხა:
„რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს. მისი უმოქმედობა უკვე ეჭვს ბადებს…. კახა ძანძავა [ჯანგველაძის თანმხლები პირი] არასერიოზული პიროვნებაა. კახა ძანძავა რომ გაიქცა სროლის დროს, ახლაც გარბის მგონი, უსინდისო კაცი. ლევანის რომ ესროლეს, კიდევ იქით ძანძავას უჯიკა, გაიწიეო, კახა ძანძავამაც უმოქმედობა ჩაიდინა. კახას იქ რაღაც პატარა რამის შეცვლა შეეძლო, ნაწყენი ვარ, არა ვაჟკაცი პიროვნებაა, შეეძლო მკვლელი შეებოჭა უკნიდან, ან რამე… ჩადუნელი იარაღით დაჰყვებოდა, სპეცრაზმელი ვარო და შეეძლო ესროლა”,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
დაცვის მხარის კითხვაზე, რომ დღევანდელ ჩვენებაში გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით სხვა დეტალებზე საუბრობს, მათ შორის, უსოიანებზე და რატომ არ უთხრა ეს ინფორმაცია უწყებას, ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ, მაშინ ცუდად იყო, რადგან ლევან ჯანგველაძე ახალი მოკლული იყო.
„რა შეკითხვებიც დამისვეს, ვუპასუხე, ახალი მომხდარი იყო მკვლელობა. მეორე დაკითხვა აგვისტოში იყო, ფარცხალაძე, უსოიანი, მიქაძეები აღვიდგინე, დღეს რაც ვთქვი, აეროპორტის ნაწილიც, მერე აღვიდგინე”,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ლევან ჯანგველაძის დედამ, რომელიც 87 წლისაა, „დღემდე არ იცის შვილის სიკვდილი”.
ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.




