უნდა გესმოდეთ, რომ თუ ძალადობით გააგრძელებთ ამ კამპანიის ჩატარებას, ქართველი ხალხი ძალიან მშვიდად გაგისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში, – ასე მიმართა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას. მან დღევანდელ ბრიფინგზე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, დისკუსია და დებატები გაიხსნას იმ პრობლემებზე, რომელიც ხალხს აწუხებს.
ლევან ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ირაკლი ეძგვერაძის გათავისუფლება, რომელიც, მისი თქმით, აბსოლუტურად უკანონოდ ჰყავთ დაკავებული.
„კობახიძეს, ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილის ნომინალურ წარმომადგენელს ვთავაზობთ დისკუსიას და დებატებს იმ თემებზე, რომელიც ხალხს ეხება. არა ხელების გადაგრეხით და თავ-პირის ლეწვით, რაც მათი ხელწერაა, არამედ დავსხდეთ და თუ გაქვთ 12 წლის თავზე ხალხთან სალაპარაკო, ამ თემებზე ვისაუბროთ, თუ როგორ მოგვარდება ეს პრობლემები. თუ ასე აპირებთ თავდასხმებით და ძალადობით, უნდა გესმოდეთ, რომ თუ ძალადობით გააგრძელებთ ამ კამპანიის ჩატარებას, ქართველი ხალხი ძალიან მშვიდად გაგისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს ირაკლი ეძგვერაძის გათავისუფლება, რომელიც აბსოლუტურად უკანონოდ ჰყავთ დაკავებული და ხელს გვიშლიან საარჩევნო კამპანიის წარმოებაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, მთელი 12 წლის განმავლობაში ივანიშვილს ხალხისთვის არაფერი გაუკეთებია, გარდა სიძულვილის დათესვისა და ახლა ხალხს ეუბნება, რომ ვინც საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებს, ძალით გააჩუმებენ.
„ჩვენი, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, ყოველდღიურად მოქალაქეებს ვესაუბროთ თემაზე, რომელიც მათ აწუხებთ. ხელისუფლებას ვთავაზობთ დისკუსიას, რომ 350 ათას პენსიონერს გაუუქმონ კაბალურ პირობებში აღებული სესხი.
ჩვენ გვინდა დისკუსია იყოს მაღალანაზღაურებად შემოსავალზე, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. რომ გაიღვიძებენ დილით, ფიქრობენ, როგორ გადაიხადონ საბანკო სესხი, კომუნალური გადასახადები, როგორ მოუარონ და უშველონ როგორღაც საკუთარ ოჯახებს, მაგრამ მათი პასუხია ირაკლი ეძგვერაძის, ირაკლი ნადირაძის დაკავება, თავდასხმა ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებზე. ჩვენი ამოცანაა ადამიანების საჭიროებაზე ვისაუბროთ, მაგრამ მათივე ენაზე „დუშკაბინაში“ გამოწყობილი ივანიშვილისთვის” ეს მეასეხარისხოვანია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით გუშინ საღამოს დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო. როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, „კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან“. „ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, – განაცხადეს უწყებაში. მოგვიანებით, ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ირაკლი ეძგვერაძე კი, ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება.