ლევან ხაბეიშვილი – ყველაფერი შეზღუდული მაქვს და სასამართლომ მითხრას, რომ მიცვალებული ვარ – ტელეფონი არა, შვილები არა, ვერ გავიგე, მკვლელი ვარ? კრიმინალივით ყველაფრის უფლება შემიზღუდეთ, ადამიანი არ ვარ?

ყველაფერი შეზღუდული მაქვს და სასამართლომ მითხრას, რომ მიცვალებული ვარ – ტელეფონი არა, შვილები არა. ვერ გავიგე, მკვლელი ვარ? მოვდივარ ყოველთვის მშვიდად და პროკურორი ყოველ ჯერზე პროვოცირებს, ხან ჩემი მოსმენა არ უნდა – უნდა რომ ციხეში ვიყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ამით ხაბეიშვილმა უპასუხა პროკურორის, ბექა ხუნაშვილის რეპლიკას, რაც მოყვა დაკავებული პოლიტიკოსის თხოვნას, სასამართლოს მისთვის სიტყვის თქმის საშუალება მიეცა. ხაბეიშვილის მიერ აღნიშნული თხოვნის გაჟღერების მერე, პროკურორმა აღნიშნა: „პოლიტიკურ განცხადებებს უნდა ვუსმინოთ?!“
ხაბეიშვილის თქმით კი, ზემოაღნიშნულით, პროკურორი „სასამართლოს კომპეტენციაში ჩაერია“.
„ჩემს შვილებს რატომ არ უშვებთ ჩემთან ციხეში? პროკურორი სასამართლოს კომპეტენციაში რატომ ერევა? შეზღუდული მაქვს ყველაფერი. პოლიტიკოსი ვარ და პოლიტიკური განცხადებების გამო ვარ დაკავებული.
ყველაფერი შეზღუდული მაქვს და სასამართლომ მითხრას, რომ მიცვალებული ვარ. ტელეფონი არა, შვილები არა. ვერ გავიგე, მკვლელი ვარ? მოვდივარ ყოველთვის მშვიდად და პროკურორი ყოველ ჯერზე პროვოცირებს, ხან ჩემი მოსმენა არ უნდა. მას უნდა რომ ციხეში ვიყო. კრიმინალივით რომ ყველაფრის უფლება შემიზღუდეთ, სიტყვა მათქმევინეთ კაცო, ადამიანი არ ვარ? მას არ აქვს უფლება სასამართლოს კომპეტენციაში ჩაერიოს.
ჩემი საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ განცხადებებზე. არავინ მედავება ჩუმად რამის გაკეთებს, მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებას. ჩემი მოწმეები არ მოჰყავთ.
გდდ-ის სამი დანიშნული მოწმეა, რომელიც ამბობს, რომ შეურაცხყოფა მივაყენე ჩემი განცხადებით. მეექვსე თვეა ტყვეობაში ვარ და ისინი აქ არ მოუყვანიათ. მოვიდეს და თქვას, რა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. ლამის ინვალიდი დამტოვა და ჯანმრთელობის მილიონი პრობლემა მაქვს.
საქმეზე არ ვლაპარაკობ? ემოციას მიკრძალავს [პროკურორი]? თქვენს საქმეში მე არ ვერევი, მაგრამ მაქვს უფლება, რომ შევაფასო? პროკურორი იმაზე ბრაზობს, რომ სამართლიანად ვაფასებ, აბა, მე მკითხოს რას ვფიქრობ, რომ უსამართლოდ ვარ აქ.
საქართველოს სახელით მიყენებთ ბრალს, ამიტომ ხალხმა უნდა იცოდეს, ამ ხნის განმავლობაში ერთი მოწმე ვერ მოიყვანეს აქ, სხვა ბუნებაში არ არსებობს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
თავის მხრივ, პროკურორმა ხაბეიშვილის სიტყვის პარალელურად აღნიშნა: „აი, ამის თავიდან აცილება მინდოდა, აქ თეატრი კი არ არის“.