ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, ძალიან გამიხარდება, თუ ვეტო-ს არ დაძლევთ და ქართველ ხალხს შესაძლებლობას მისცემთ, არჩევნებზე საქართველოს სახელმწიფოს ბედი გადაწყვიტონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ხაბეიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყველაფერზე მიდიან, რომ კრემლიდან გაცემული ბრძანება შეასრულონ.
„თქვენი მთავარი მიზანი საქართველოს პარლამენტში უნდა წარმოადგენდეს ქართველ ხალხზე ზრუნვას და მთელი ამ წლების განმავლობაში, 12 წელზე მეტია ხელისუფლებაში ხართ, თქვენი საქმიანობა უნდა უკავშირდებოდეს ხალხს, ხალხის პრობლემების მოგვარებას, გადასახადების შემცირებას, ადამიანებისთვის სამსახურის შექმნას, ასევე, უკეთესი მომავლის შექმნას, სტუდენტების დასაქმებას. ამ წლების განმავლობაში, შესაძლოა, აქ ცხარე კამათი ყოფილიყო ხალხის კეთილდღეობაზე, ახალგაზრდების კეთილდღეობაზე, მაგრამ 12 წლის თავზე, თქვენ ხელისუფლებას ასრულებთ და მათ შორის, დიდი ნაწილი საპარლამენტო ცხოვრებას ისე, რომ ადამიანებს თავს ამახსოვრებთ, როგორც კანონშემოქმედები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირს აშორებთ, კარებში ეჩხირებით ფაქტობრივად, ქართველ ხალხს და ევროკავშირს შორის. ამიტომ თქვენ უნდა გესმოდეთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ისტორიის წინაშეც გექნებათ.
გულწრფელად გეტყვით, არცერთი თქვენგანის სანქცია არ გამიხარდება, უბრალოდ თქვენ იქცევით ისე, რომ იძულებულია, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ასე მოიქცეს. მაგალითად, მე გამიხარდებოდა, რომ თქვენ არ დაგეძლიათ ვეტო, ეს კანონი არ ამოქმედეს და ხალხს 5 თვის თავზე არჩევნებზე გადაეწყვიტა, თუნდაც ამ კანონის ბედი, მაგრამ თქვენ ძალმომრეობით, ადამიანების ლეწვა-მტვრევით, გატაცებით, სახლებთან დახვედრებით, ოჯახების დაწიოკებით, გინდათ ეს კანონი მიიღოთ, არა და თქვენ ხომ ამბობდით, რომ „თქვენ არცერთი ადამიანის თმის ღერი არ გიღირდათ არანაირ კანონად“, მაგრამ ახლა ისე დაიჟინეთ, ეს კონკრეტული დავალება, რომელიც კრემლიდან გაქვთ, რომ ეს აღასრულოთ, აბსოლუტურად, ყველაფერზე მიდიხართ.
პირდაპირ გეუბნებით, თქვენს გამო ძალიან ვღელავ, იმიტომ, რომ იმ პრობლემებს ვერ აცნობიერებთ, რომლებიც თქვენ გექნებათ, ასევე თქვენს გარშემო ადამიანებს ექნება. ყველას ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებთ. ამ თვეების განმავლობაში, ყველა ზღვარს გადახვედით. პროპაგანდირებთ, რომ სუვერენიტეტს იცავთ აშშ-სგან. უკაცრავად, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გარანტი, სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია. თქვენ მუჭი მოუღერეთ სტრატეგიულ პარტნიორს, თითებს უქნევთ, ღალატში ადანაშაულებთ, რომ თურმე ისინი ჩვენი მეგობრები არ არიან. ძვირფასებო, დაგავიწყდათ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია? დაგავიწყდათ, რომ ჩვენ მართლა და მთავარ მტერს, პუტინს ერთი სული აქვს, რომ საქართველო რუსეთის გუბერნიად გადააქციოს? – თქვენ ამაში ხელს უწყობთ, აი, ამ „რუსული კანონით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.