ეს არის რუსის ამოცანა, რომ საქართველოს მართლა წაართვას მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ვინმე საფრთხეს უქმნის ჩვენს მამულს, ეს არის რუსეთი, თუ ვინმემ საფრთხე შეუქმნა ენას, ეს არის რუსეთი, თუ ვინმე პრობლემას უქმნის სარწმუნოებას და ჩვენი ეკლესია-მონასტრები გადაუღებია, ესენი არიან რუსები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ის პარლამენტთან „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფება, სადაც სამართალდამცავებმა მომიტინგეების დაშლის მიზნით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.
დაშავდა მათ შორის, ხაბეიშვილი თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, ეს „არ ღირს მოსაყოლად, რადგან ახალგაზრდებს უფრო მეტი მოხვდათ“.
„პრობლემა შემდეგში მდგომარეობს, ეს კანონი არ უნდა ქართველ ხალხს, არ უნდა არავის, არ უნდათ ჩვენს პარტნიორებს, ამიტომ უნდა გაიტანონ ეს კანონი, წარმოუდგენელია, რაც ხდება, ხელკეტებით, „დუბინკებით“ ამ ბავშვების დაშინება შეუძლებელია.
პუტინის ამოცანა რა არის? – საქართველო არ იქნება ევროკავშირის წევრი, საქართველო მე ვარ, მე უნდა დამელაპარაკოთო. როგორ? აი, უარს ვათქმევინებ ახლა ევროკავშირზე, ეს პროცესი მიდის. ახლა მდინარაძეს და ოხანაშვილს პირი რომ დაუღიათ და ვერ გაუგიათ, ეს კანონი რატომ გამოაქვთ. აი, ამიტომ გამოაქვთ, რუსეთის გზავნილია ცივილიზებულ სამყაროსთან, რომ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს არ ექნება პორტები, არ ექნება ეკონომიკა, საქართველო ვერ განვითარდება და ვერც შუა დერეფანი ვერ იქნება, რომელიც კასპიის ზღვასთან დააკავშირებს ცივილიზებულ სამყაროს. ეს არის რუსის ამოცანა, რომ საქართველოს მართლა წაართვას მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ვინმე საფრთხეს უქმნის ჩვენს მამულს, ეს არის რუსეთი, თუ ვინმემ საფრთხე შეუქმნა ენას, ეს არის რუსეთი, თუ ვინმე პრობლემას უქმნის სარწმუნოებას და ჩვენი ეკლესია-მონასტრები გადაუღებია, ესენი არიან რუსები და თუ ვინმე მხარში გვიდგას, ეს არის დასავლეთი. მე, როგორც რიგითი ქართველი, ორი შვილი მყავს, აქ ვარ, რადგან საქართველოს მომავალს ვიცავ.
სპეცრაზმით, ხელკეტებით, გაზით, ტყვიებით შეიარაღებულები იცავენ მდინარაძეს, ოხანაშვილს, სოზარ სუბარს, რომ დისკომფორტი არ შეექმნათ, ანუ საქართველო ისე უნდა გაყიდონ, რუსული კანონი ისე უნდა მიიღონ, ევროპაზე უარი ისე უნდა თქვან, რომ ხმაც არ უნდა გაიგონ, ეს დავალება აქვთ და მოძალადე პოლიციელები უდგანან სათავეში. ჩემგან ხელმარჯვნივ, პოლიციის ფორმაში გადაცმული -რუხაძე, ეს არის მოძალადე, კორუმპირებული ჩინოვნიკია, დაათვალიერებენ ბავშვებს, წაიყვანენ, 3000 ლარს ჯარიმას დაუწერენ, ცოტას სცემენ, ფიზიკურად გაუსწორდებიან – რუხაძისნაირები. როდიონოვსა და მას შორის რა განსხვავებაა? ისინი სხვა რამეს კი არ აკეთებდნენ, რასაც ესენი ახლა აკეთებენ. ეს ბრძოლა ყველასია, ეს არ არის პარტიული საქმე, ეროვნული საქმეა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.