სიძულვილზე, ძალადობაზე, ადამიანების დაყოფაზე, იმ გარემოზე, რასაც სამთავრობო მედიები სიძულვილით, მუდმივი დაპირისპირებით ქმნიან, ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავარი სიძულვილის წყარომ ამ ქვეყანაში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების” წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „მდარე ხარისხის ტყუილია“ ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულება.
„თქვენს მიერ მიყვანილი ყველა ფაქტი არის დამახინჯებული და ტყუილი. ცდილობთ, საკითხი პროპაგანდისტულად გამოიყენოთ, რაც ამ ხელისუფლებას არაერთხელ გამოუყენებია. წარმოუდგენელია, თქვენს ადგილას სინანულს გამოვხატავდი, სამძიმარს გამოვუცხადებდი გარდაცვლილის ოჯახს. ასეთი მდარე ხარისხის პროპაგანდისტული, სამარცხვინო პასაჟების გაკეთება სერიოზული არ არის“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი შეფასებით, სწორედ ეს არის იმ სიძულვილის ენის კამპანიის ნაწილი, რასაც ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურად იყენებს.
„თავისი „დუშკაბინით“ რომ მოძრაობს, გამახსენებთ თუ ლაპარაკობს პოზიტივზე, სიყვარულზე? არა. ის საუბრობს გავასამართლებ, დავიჭერ, ენას ამოვაძრობ. ეს ადამიანი მთელი 12 წელი მის ხელისუფლებაში ყოფნას, თქვენს ძარცვას და მის გამდიდრებას სიძულვილზე აწყობს. ამ ქვეყანაში სიძულვილის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი. თქვენ რაზეც ახლა საუბრობთ და გინდათ ესეც პროპაგანდისტულად გამოიყენოთ, ეს ძალიან მდარე ხარისხის ტყუილია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა. მმართველი გუნდის ინფორმაციით, გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც „ქართული ოცნების“ ოფისთან მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა შეურაცხყოფა მიაყენა.