პრემიერი არის არალეგიტიმური, რადგან მის მოქალაქეებს ქუჩებში დასდევენ, სახლებთან ხვდებიან, სახლებში უვარდებიან და ამას აორგანიზებს კობახიძე, მისი პარტია, მისი ხელისუფლება. ამიტომ არანაირი ლეგიტიმური უფლება ილაპარაკოს მოქალაქეებზე, ამ ადამიანს არ აქვს, – ამის შესახებ „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს პოლიტიკურად მოტივირებულებს უწოდებს.
„პრემიერი არის არალეგიტიმური, რადგან მის მოქალაქეებს ქუჩებში დასდევენ, სახლებთან ხვდებიან, სახლებში უვარდებიან და ამას აორგანიზებს კობახიძე, მისი პარტია, მისი ხელისუფლება. მის მიერ შემოტანილ კანონს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობა, ეწინააღმდეგებიან ჩვენი პარტნიორები და არავის უნდა ეს კანონი. ასევე, ის არღვევს კონსტიტუციას, როდესაც საქართველოს ევროპულ კურსს ცვლის და 29 აპრილს ეს მისმა ბატონმა, ივანიშვილმა ღიად განაცხადა. ამიტომ არანაირი ლეგიტიმური უფლება, ილაპარაკოს მოქალაქეებზე, ამ ადამიანს არ აქვს. სანამ დროა გონს მოეგონ და ეს კონკრეტული დანაშაულები შეწყვიტონ და კონკრეტული დამნაშავეები მისცენ პასუხისგებაში. თუ ამას არ აკეთებენ, უნდა ესმოდეთ, რომ უბრალოდ სამართლებრივად საქმეს კიდევ უფრო მეტად იმძიმებენ, როგორც პრემიერ-მინისტრი, ასევე ყველა ის ადამიანი, ვინც უკანონო დავალებას ასრულებს,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.