„ერთიანი ნაციონალური მოძრობა“, „გამარჯვების კოალიცია“ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ოქტომბერში არჩევნებში გამარჯვებისთანავე შევქმნით ღირსეულ სამუშაო ადგილებს და ღირსეულ ანაზღაურებას, – ამის შესახებ განცხადება „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნასაკირალში ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი სეზონურ სამუშაოებზე სხვა ქვეყანაში მიდის, ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველოში ადამიანებს მუშაობა ეზარებათ.
„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ამბობს, რომ ადამიანებს მუშაობა ეზარებათ, არადა ვართ გურიაში, სადაც შევხვდით ადამიანებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში გადადიან სეზონურ სამუშაოზე, ძალ-ღონით სავსე ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გამოადგნენ საქართველოს ეკონომიკას, ეკონომიკური დოვლათი შექმნან საკუთარ ქვეყანაში, ოჯახებს ღირსეული შემოსავალი მოუტანონ, მაგრამ საქართველოში ამის შესაძლებლობა არ აქვთ, საქართველოში აქვს მხოლოდ ივანიშვილს, მის თანამდებობის პირებს, რომლებიც ძარცვავენ ამ ადამიანებს და მდიდრდებიან თვითონ. ამ ხალხისთვის არ არის ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა, არადა ჩვენ ვხედავთ და ბევრი ვისაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ იშრომონ და უნდათ მათსავე ქვეყანაში გამოიმუშაონ ეს თანხა, არ მოსწყდნენ შვილებს, არ მოსწყდნენ დედებს, მამებს, ბებია-ბაბუებს. უნდათ, რომ ამ ქვეყანაში იყოს ის ეკონომიკური დოვლათი, რომ იმუშაონ აქ და ჩვენ მათ ვპირდებით, რომ გამარჯვებისთანავე ვიზრუნებთ ამ ადამიანების ღირსეულ დასაქმებაზე იმ პროექტების ფარგლებში, რაც „გამარჯვების კოალიციას“ აქვს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ოზურგეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო ქათამაძის განცხადებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ხედვა თუ როგორ უნდა შექმნას ბევრი სამუშაო ადგილი.
„დღეს გურიაში ჩვენ ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს პარტიის თავმჯდომარესთან და ლიდერებთან ერთად. ახლა ვართ სოფელ ნასაკირალში, გამარჯვებულ სოფელში, სადაც აეროპორტი უნდა გაკეთდეს, დასაქმდეს უამრავი ადგილობრივი თუ სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები, მაგრამ ჩვენ ამ ადამიანებს რასაც ვთავაზობთ, ეს არის ღირსეული დასაქმება, ღირსეული სამუშაო ადგილები, რათა არ მოუწიოთ წასვლა ემიგრაციაში, ბავშვები არ დარჩნენ დედების და მამების გარეშე და ამასთან დაკავშირებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ხედვა თუ როგორ უნდა შევქმნათ ბევრი სამუშაო ადგილი, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა იცხოვრონ კარგად. ყველა ქართველის ადგილი არის საქართველოში, მათთვის შეიქმნება ღირსეული სამუშაო ადგილები, რომელსაც შექმნის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ არჩევნებში გამარჯვებისთანავე”, – განაცხადა ბესო ქათამაძემ.